ფულის რეფორმის მსგავსი რთული, წარმატებული და მასშტაბური რეფორმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სხვა არ ჩატარებულა - ვლადიმერ პაპავა
„30 წელია ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება საქართველოში,“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
1993-2 000 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შეფასებით, ფულის რეფორმის მსგავსი რეფორმა - რთული, წარმატებული და მასშტაბური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სხვა არ ჩატარებულა. რეალურად ფულის რეფორმის და ეროვნული ვალუტის შემოღების ეკონომიკურ საფუძვლებზე მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. სწორედ ამ ეკონომიკურმა გუნდმა მოამზადა ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები.
„როდესაც დადგა ნამდვილი ეროვნული ვალუტის შემოღების საკითხი, ეს იყო რთული და იყო კომპლექსური ამოცანა. აქ პრინციპული იყო ლარი შემოღებულიყო ისე, რომ მას ჩაენაცვლებინა არა მხოლოდ კუპონი, არამედ მიმოქცევიდან განედევნა რუსული რუბლი, რომელიც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული,“ - განაცხადა მან.
პაპავას თქმით, ეროვნულმა ვალუტამ ლარმა გაუძლო ყველა შემოტევას, როგორც გარე შოკებს, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ელიტის ცდუნებას ცენტრალურ ბაკზე დაემყარებინა კონტროლი და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.
სხვა სიახლეები
02.10.2025.19:59
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულები, მათ შორის, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სექტორში პოზიტიურ დინამიკას.
საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ხაზი გაესვა ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ მიმართულ ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების მიზნით საქართველოზე გამავალი სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებაზე.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები" და „იზიჯეტი" წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ავიაბაზარზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სათანადო ნორმებს და მიმართავს პრევენციულ ზომებს მესამე პირების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით როგორც საბაჟო, ისე საზღვაო მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე.