ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა მორიგი სხდომა გამართა
ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დღეს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის მორიგ სხდომაზე.
კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (კომიტეტის თავმჯდომარე), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები შედიან.
კომიტეტის ძირითადი ამოცანაა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, უწყებებს შორის კოორდინაცია. შეხვედრისას განიხილეს რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიმართულებით არსებული მიმდინარე და სამომავლო აქტუალური საკითხები.
კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს რეზოლუციის ჩარჩოს განვითარებისა და ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების გზებზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო უწყებათაშორის საერთო შემუშავებულ და შესამუშავებელ პროცედურულ საკითხებს. ამასთან, წევრებმა მიმოიხილეს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული, უკვე ძალაში შესული, საკანონმდებლო ცვლილებები და გამომდინარე საერთო უწყებათაშორისი სამართლებრივი აქტებით მოსაწესრიგებელი, მათ შორის ადმინისტრირების, საკითხები. დამატებით, საუბარი შეეხო, თბილისში, 4 ივლისს გამართულ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაზე განხილულ რეზოლუციასა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
დასასრულს კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზეც იმსჯელეს.
სხვა სიახლეები
14.04.2026.09:43
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
13.04.2026.14:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.
ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.