ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა მორიგი სხდომა გამართა
ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დღეს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის მორიგ სხდომაზე.
კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (კომიტეტის თავმჯდომარე), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები შედიან.
კომიტეტის ძირითადი ამოცანაა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, უწყებებს შორის კოორდინაცია. შეხვედრისას განიხილეს რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიმართულებით არსებული მიმდინარე და სამომავლო აქტუალური საკითხები.
კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს რეზოლუციის ჩარჩოს განვითარებისა და ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების გზებზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო უწყებათაშორის საერთო შემუშავებულ და შესამუშავებელ პროცედურულ საკითხებს. ამასთან, წევრებმა მიმოიხილეს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული, უკვე ძალაში შესული, საკანონმდებლო ცვლილებები და გამომდინარე საერთო უწყებათაშორისი სამართლებრივი აქტებით მოსაწესრიგებელი, მათ შორის ადმინისტრირების, საკითხები. დამატებით, საუბარი შეეხო, თბილისში, 4 ივლისს გამართულ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაზე განხილულ რეზოლუციასა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
დასასრულს კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზეც იმსჯელეს.
სხვა სიახლეები
მომავალი სამი წელიწადი იქნება მზისთვის ძალიან აქტუალური - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები l Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი
13.03.2026.00:00
საქართველოში მზის ენერგეტიკის სექტორში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბაზარზე მზის ელექტროსადგურების მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან, მატულობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას უკვე რამდენიმე მსხვილ პროექტზე აქვს მუშაობა დაწყებული და, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში გარკვეული გამოწვევები არსებობს, ინვესტორები მზის ენერგიას მომავალის ენერგიად მიიჩნევენ და პროექტების განხორციელებას არ აპირებენ შეაჩერონ.
„ჩვენ უკვე დაახლოებით ოთხი წელია ვოპერირებთ ბაზარზე - მთლიანად კავკასიას ვფარავთ. გარდა ამისა, როდესაც შემოვედით ბაზარზე, შევქმენით ჰაბი, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ სრულიად საქართველოდან ხდებოდა დაფარვა ამიერკავკასიაში: სომხეთში, აზერბაიჯანში. მახსოვს იყო დრო, როცა პროდუქციას ვაწვდიდით უზბეკეთში, ყაზახეთში და, რაც უფრო შორს წავიდა საქმე, მონღოლეთშიც კი საქართველოდან გავიდა პროდუქცია.
შემდგომ შეიცვალა სურათი, და მთელი ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად სომხეთი იყო ბაზარზე. ისინი აქტიურობდნენ მაშინ, როცა ჩვენთან იყო ძალიან ნელი ფაზა, და ერთი-ორი პროექტი თუ სადღაც უფრო სწრაფად ვითარდებოდა. ამ პერიოდში სომხეთმა ააშენა 1000 მეგავატი მზის ელექტროსადგური, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 70%-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. შემდგომ უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ვეღარ ხდებოდა პროდუქციის მიწოდება, რადგან ეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იყო. თუმცა ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ, რადგან ვიყავით ჩეხური კომპანია და ტრანზიტის პირობებში პროდუქცია კვლავ მივაწოდეთ. ამით ქვეყანამ გარკვეული შემოსავალი დაკარგა, რადგან საუბარი იყო კოლოსალურ თანხებზე, როდესაც უზარმაზარი პროექტი ხორციელდებოდა სომხეთში.
შარშან და წელს სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ბიზნესმა იქ დაიწყო აქტიურობა და ახლა აპირებენ სთორიჯებზე, ე.წ. „შემნახველებზე“ გადასვლას. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს ბიზნესი „აფეთქდა“ - დაიწყო მოთხოვნა, მოთხოვნა, მოთხოვნა, და ჩვენ მიწოდებას, მიღება-მიწოდებას ვეღარ ვახერხებდით, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა. თუმცა წელს ყურადღება ძირითადად დიდი სიმძლავრის პროექტებზეა გადატანილი და მოდიან სერიოზული და კვალიფიციური ინვესტორები. ვმუშაობთ რამდენიმე დიდ პროექტზე.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, მზის ბიზნესი არ გაჩერდება. ინვესტორები განაგრძობენ ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაში და მზად არიან 20-25 მლნ დოლარიანი პროექტები ააშენონ. ტენდენცია არ წყდება, სურვილიც არა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს არის მომავლის ენერგია და მზის ენერგია აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში.
პირველ ეტაპზე სახელმწიფო ამბობს, რომ უნდა აშენდეს 1700 მეგავატი. აღსანიშნავია, რომ „დაბევებული“ პროექტები, ვისაც ჰქონდა, ჩამოერთმევა, ხოლო სამშენებლო მემორანდუმამდე დამამშვიდებელი ეტაპები მოითხოვება, რათა პროექტის რეალურობა დასტურდებოდეს. სახელმწიფო ამ მხრივ მკაცრად ოპერირებს და ზომებს იღებს. შესაბამისად, მომავალი სამი წელი მზის სექტორისთვის განსაკუთრებულად აქტიური იქნება - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები, რამდენიმე დიდი სიმძლავრის პროექტიც, დანარჩენი კი დრო გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ყველაფრის თანმიმდევრულად ორგანიზებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნა Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა.