ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს.
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გლობალური სატარიფო პოლიტიკის სიმძიმესთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარში, მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორად შიდა მოთხოვნა, ხოლო, საშუალოვადიან პერიოდში, ტარიფების ეფექტის მილევის ფონზე, საგარეო მოთხოვნის ნორმალიზება მოიაზრება. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასა და, გლობალური სავაჭრო მიმოქცევის პრობლემების სწრაფი მოგვარების შედეგად, ქვეყანაში ტვირთბრუნვის ზრდასა და გლობალურად სასურსათო ნედლეულის ფასებზე წნეხის შემცირებასთან არის დაკავშირებული. პესიმისტური სცენარი, გლობალურად სატარიფო პოლიტიკისა და ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებების ესკალაციის ფონზე, სავაჭრო და ფინანსური პირობების გამკაცრების რისკებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მომავალ პერიოდთან დაკავშირებით გაურკვევლობა და რისკები გაზრდილია.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენარებში წარმოდგენილ ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-სცენარები არ წარმოადგეს ეროვნული ბანკის პროგნოზს და მათი გამოქვეყნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9 ანგარიშგების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმოებას ემსახურება.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.19:00
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ბაზარზე ვითარება უკიდურესობებს შორის მერყეობდა – ერთი მხრივ, ფუნდამენტური ბალანსების გამკაცრება, ხოლო მეორე მხრივ, სეზონური მოსავლიანი ზეწოლა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ „გლობალური სასაქონლო და სავალუტო ბაზრების მიმოხილვაშია“ აღნიშნული.
ირკვევა, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდებოდა დაძაბულობა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩიკაგოს ბირჟაზე (CBOT) სიმინდის ფიუჩერსებმა მაისის დასაწყისში $4.50-ს ქვემოდან დაიწყეს ზრდა და ივნისის შუა პერიოდში თითქმის $5.00-მდე მიაღწიეს გაძლიერებული ეთანოლის მოთხოვნისა და USDA-ს მოლოდინზე უფრო მკვეთრი გლობალური მარაგების შემცირების პროგნოზების მხარდაჭერით.
სოიოს ფასები $13.00/ბუშელზე ოდნავ მერყეობდა – სამხრეთ ამერიკაში მოსავლის შემოსვლამ ზეწოლა მოახდინა ფასებზე, თუმცა აშშ-ში ძველი სეზონის ბალანსი კვლავ რჩებოდა მკაცრი. ხორბლის ფიუჩერსებმა მცირე ზრდა აჩვენეს, თანდათან მიუახლოვდნენ $7.00/ბუშელს – გლობალური მიწოდების შემცირების პროგნოზებისა და ამინდის გავლენის გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
„მთავარმა კვლევითმა ცენტრებმა და საინვესტიციო ბანკებმა დადებითად შეაფასეს 12 ივნისის USDA WASDE ანგარიში, განსაკუთრებით ძველი სეზონის CBOT სიმინდის ნაწილში, სადაც აშშ-ის ექსპორტის პროგნოზი გაიზარდა 2.65 მილიარდ ბუშელამდე – რამაც ძველი სეზონის საბოლოო მარაგები შეამცირა 1.365 მლრდ ბუშელამდე და გაამკაცრა ბალანსი. მეტწილად, მოდელები ახლა 2025 წლის ბოლოსთვის სიმინდის საშუალო ფასს აჩვენებენ 450 ცენტს ბუშელზე, ხოლო 2026 წლისთვის – დაახლოებით 440 ცენტს. იმ პირობით, თუ შენარჩუნდება ძლიერი მოთხოვნა ეთანოლზე და ექსპორტის მყარი ტემპი.
ხორბლის ბაზარზეც შეინიშნება გამკაცრება: ივნისში შემცირდა გლობალური საბოლოო მარაგები სიმინდზე, ხორბალსა და ბამბაზე, ხოლო სოიოს მარაგები მცირედ გაიზარდა – რითიც USDA-ს პროგნოზები უფრო დაუახლოვდა კერძო შეფასებებს. აშშ-ის ხორბლის ბალანსი ძველ სეზონზე დიდად არ შეცვლილა, თუმცა ივლისში მოსალოდნელია დამატებით 10-20 მილიონი ბუშელით შემცირება. 2025 წლის ხორბლის ფასის პროგნოზი მერყეობს $6.75- 7.25 ბუშელის ფარგლებში, რასაც მხარს უჭერს რუსეთიდან მიწოდების შემცირების მოლოდინი და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ლოგისტიკურ რისკებზე განგრძობითი ყურადღება.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკაში მოსავლის ზეწოლამ შეიძლება შეასუსტოს ახალი სეზონის ფასების ზრდა, ძველი სეზონის მკაცრი ბალანსი, ძლიერი მოთხოვნა ეთანოლზე და ექსპორტის კვლავ მაღალი ტემპი მხარს უჭერს კონსენსუსს, რომ 2025-2026 წლების ფასები დარჩება ისტორიულ მინიმუმებზე მნიშვნელოვნად მაღლა“, - აღნიშნულია თიბისი მიერ მომზადებულ ანგარიშში.