ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის - შოთა ბერეკაშვილი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ოთხი პრობლემის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა.
ბერეკაშვილმა დაასახელა იმპორტზე დამოკიდებულება, ნაშთების მართვა, საოპერაციო ხარჯი და ფასწარმოქმნის ჯაჭვში ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქტის საცალო ფასზე აისახება.
"ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით - პირველია აქაც იმპორტზე დამოკიდებულება, რომელიც წარმოების ნაწილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და საფიქრალია, აქ რა მიდგომები გვექნება. მეორე - მნიშვნელოვანია ნაშთების მართვა და დანაკარგია 5-6 პროცენტი, როდესაც ბიზნესს სულ 5 პროცენტი მოგება აქვს. 5-6 პროცენტი დანაკარგი მნიშვნელოვანი პრობლემაა და საფიქრალია, როგორ შეიძლება ამის ოპტიმიზაცია.
მესამე პრობლემაა საოპერაციო ხარჯი - მარკეტინგის და გაყიდვების, ესაა "ქეშბექი", შესვლის გადასახადი და ა.შ.
მეოთხე - მე ვიტყოდი, რომ ასიმეტრიული ურთიერთობებია ჯაჭვში, ზემოდან ქვემოთ. ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია და საკონტრაქტო ურთიერთობაში დომინანტია, რაც ქმნის მისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფასის წარმოქმნისა და დომინანტობისთვის. ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს იმ ინფლაციურ წნეხს, რომელიც "ქეშბექის" და სხვა ინსტრუმენტების ზრდით არის გამოწვეული. საბოლოო ჯამში, ეს, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის," - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
კომისიის წევრები ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს შესახებ მსჯელობენ.
სხვა სიახლეები
მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს - კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი ნათია გურგულია
11.02.2026.15:38
ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს - ამის შესახებ კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გურგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გურგულიამ განმარტა, მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.
„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს.
იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ - მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმპორტის წილი მთლიანობაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკუთარი მიწები, სადაც ვამუშავებთ და ვაწარმოებთ საქონლისთვის საჭირო საკვებს, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და ძირითადად სილოსის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მარცვლეულს — ის 100%-ით იმპორტით შემოგვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ჩვენს შემოსავალთა დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე მოდის. ანუ, თვითღირებულების 16% სწორედ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება“ - განაცხადა გურგულიამ.