ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია დღეს შეხვდება დისტრიბუტორებს, ორშაბათს მწარმოებლებს, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებს და ბოლოს [საწვავის იმპორტიორებს] ნავთობკომპანიებს - ლევან ჟორჟოლიანი
ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია დღეს შეხვდება დისტრიბუტორებს, ორშაბათს მწარმოებლებს, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებს და ბოლოს [საწვავის იმპორტიორებს] ნავთობკომპანიებს, - ამის შესახებ გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
„ფასების საკითხი აქტუალური არის ალბათ იმ დღიდან, რაც დამოუკიდებელი არის ჩვენი ქვეყანა და ყოველთვის მაღალი იყო ფასები საქართველოში ევროპულ ფასებთან მიმართებაში. რასაკვირველია, ეს ეხება იმ პროდუქციას, რომელიც არის დახლზე როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში - იდენტურ პროდუქტებზე გვაქვს საუბარი.
გუშინ, როგორც აღნიშნეთ, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტერვიუ და მან აღნიშნა, რომ მაგალითად ერთი კონკრეტული პროდუქტი ერთი და იგივე სუპერმარკეტების ქსელში, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, თითქმის სამჯერ აღემატება ევროპულ ფასს ქართული ფასი. ეს ვერ აიხსნება ვერანაირი ლოგიკით. სულ რომ ის ბრინჯი თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს - არანაირი ლოგიკით.
ეკონომიკის სამინისტრომ პირველადი კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 86% არის ფასნამატი - სადღაც 150%-ია, სადღაც 70%. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომისიის ფარგლებში ის ჯაჭვი ფასწარმოქმნის, ფასნამატის ზუსტად გამოვიკვლიოთ და ეს ინფორმაცია საზოგადოებას ძალიან გამჭვირვალედ მივაწოდოთ - იმ პირველად აუცილებელ პროდუქტებზე რატომ არის გარკვეული ფასნამატები და რა საკვირველია ყველა ის ბერკეტი შემდგომ გამოვიყენოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ფასებმა დაიწიოს,
სამწუხაროდ ქვეყანაში გამოჩდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ. თუმცა ალბათ არგუმენტი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა დაიწყოს და აქ მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე არ არის საუბარი - აქ არის მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. კომისიის მანდატი ვრცელდება მათზეც. დღეს გვექნება დისტრიბუტორებთან შეხვედრა კომისიის ფორმატში, ორშაბათს მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბოლოს საწვავთან. სქემა ყველგან ერთია და მარტივი იქნება, როგორც მედიკამენტების ისე საწვავის შემთხვევაში - ანალოგიურად შეგვიძლია ვიმუშაოთ. მეთოდი იგივე იქნება. და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება. თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია, თუნდაც იმ პროცესის განმავლობაში, რომელიც მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ინვესტორების ფოკუსი რეგიონებზე გადადის - GNSS Consulting-ის ხედვა ჰოსპიტალითის ბაზარზე და Best Western Tbilisi City Center-ის ოპერირებაზე
23.01.2026.14:00
საოპერაციო ეფექტიანობის ზრდა, შემოსავლების მკვეთრი გაუმჯობესება და კორპორატიული სეგმენტის გაძლიერება - 2025 წელი სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ისთვის სტრატეგიული შედეგების მომტანი გახდა. როგორ აისახა ბაზრის დინამიკა სასტუმროს ფინანსურ მაჩვენებლებზე, რა შესაძლებლობებს ხედავს სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ის მმართველი კომპანია GNSS Consulting-ი 2026 წლისთვის და რატომ გადადის ინვესტორთა ფოკუსი რეგიონულ პროექტებზე, დეტალებზე Business Insider Georgia GNSS Consulting-ის მმართველ პარტნიორს გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებდით 2025 წელს Best Western Tbilisi City Center-ის მუშაობასა და ბიზნეს შედეგებს? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები ამ პერიოდში?
- 2025 წელი საოპერაციო თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური და, ვიტყოდი, სტრატეგიული ლავირების წელი იყო. ჩვენ მოგვიწია ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და სეგმენტებს შორის ბალანსის დაცვა, რამაც საბოლოო ჯამში წარმატებული შედეგი მოგვცა.
წელს 80%-იანი დატვირთულობის (Occupancy) ნიშნულით ვხურავთ, რაც გასულ წელთან შედარებით სოლიდური, 20%-იანი ზრდაა. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური მაჩვენებლები: RevPAR (შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე) დაახლოებით 30%-ით გავზარდეთ, რაც პირდაპირ მიუთითებს გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიანობაზე. ეს ციფრები მაძლევს საფუძველს, რომ 2025 წელი ცალსახად დადებითად და წარმატებულად შევაფასო.
- როგორ აისახა სტუმართა აქტივობა და მოთხოვნა 2025 წელს ოპერაციების ეფექტიანობაზე?
- როგორც აღვნიშნე, წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ საახალწლო პერიოდი პრაქტიკულად ნოემბერშივე სრულად გვქონდა გაყიდული.
რაც შეეხება სეზონურობას, თებერვალი ტრადიციულად შედარებით პასიურია, თუმცა წელს გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია — გააქტიურდა ე.წ. Last Minute (ბოლო წუთის) ჯავშნები. ეს დინამიკა გვაძლევს იმედს, რომ მიუხედავად „დაბალი სეზონისა“, პროცესი სტაბილურად წარიმართება და ჩავარდნები არ გვექნება.
- რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს სასტუმრო 2026 წლისთვის, განსაკუთრებით ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით? რა აქტივობები გასწიეთ 2025 წელს იმისთვის, რომ 2026 წელი უკეთესი იყოს ვიდრე 2025 წელი იყო?
- 2025 წელს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა კორპორატიული სეგმენტის 70%-იანი ზრდა იყო. ეს შედეგი განაპირობა ჩვენმა მიდგომამ — მაქსიმალურად მოვერგოთ პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებს და შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები.
რაც შეეხება გამოწვევებს, MICE (ღონისძიებები და კონფერენციები) მიმართულებით კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ბაზარი უფრო დაძაბული გახადა. შესაბამისად, 2026 წლის სტრატეგიული მიზანი სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაა. ვგეგმავთ უფრო აგრესიულ და აქტიურ თანამშრომლობას კომპანიებთან, რათა საკონფერენციო დატვირთულობა დავაბრუნოთ და გავზარდოთ სასურველ ნიშნულამდე.
- როგორ ხედავთ სასტუმროს პოზიციას ბაზარზე 2026 წლის ბოლოს და როგორ აპირებთ კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას?
- 2026 წლისთვის ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია ჩვენს სეგმენტში, არამედ გავხდეთ "Top of Mind" (პირველი არჩევანი) ჩვენი კორპორატიული პარტნიორებისთვის.
კონკურენტულ უპირატესობას შევინარჩუნებთ ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი ეს არის ხარისხის სტაბილურობა — Best Western-ის საერთაშორისო სტანდარტების განუხრელი დაცვა, რაც სტუმარს სანდოობის განცდას უჩენს. და მეორე, ადამიანური კაპიტალი — ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ნომრებს, ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს. სწორედ პერსონალიზებული სერვისი და გუნდის პროფესიონალიზმი იქნება ჩვენი მთავარი იარაღი მზარდი კონკურენციის პირობებში.
- რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი სტუმართმოყვარეობის, ოპერაციების და მარკეტინგის მიმართულებით მომდევნო წლისთვის?
- ჩვენი პრიორიტეტები 2026 წლისთვის სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება:
- ასევე საინტერესოა, აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებებს GNSS Consulting- სხვა სასტუმროების მართვაზე და ამ დროისათვის GNSS Consulting-ის პორტფელი რამდენ ობიექტს აერთიანებს?
- GNSS Consulting-ი აქტიური განვითარების ფაზაშია. ამ ეტაპზე ჩვენი პორტფელი 8 სასტუმროს აერთიანებს. აქედან 4 პროექტი საკონსულტაციო მიმართულებით, 1 მენეჯმენტი და 3 პროექტი მიმდინარე მშენებლობის პროცესშია.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო მასშტაბური პროექტი — 110-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც Hilton-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნება. ვგეგმავთ, რომ ეს ობიექტი ოპერირებას 2027 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს, რაც ჩვენი კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს.
- როგორ აფასებთ ზოგადად უძრავი ქონების სექტორს ჰოსპიტალითის მიმართულებით, ინვესტორების მხრიდან როგორი მოთხოვნაა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს?
- ინვესტორების მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია, თუმცა ბაზრის სტრუქტურა იცვლება. თბილისი სასტუმროების კუთხით უკვე გარკვეულწილად გაჯერებულია.
როდესაც ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენი სტრატეგიული რჩევაა ფოკუსირება რეგიონულ განვითარებაზე. საქართველოს რეგიონებში ტურისტული პოტენციალი და მოთხოვნა მზარდია, ხოლო მიწოდება ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. შესაბამისად, რეგიონული პროექტები ინვესტორებს ინვესტიციის უკუგების (ROI) ბევრად უფრო სწრაფ და მაღალ მაჩვენებელს სთავაზობს, ვიდრე დედაქალაქი დღეს.