ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5% - ირაკლი კობახიძე
ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5 პროცენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იანვარში 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
„რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ იანვარში გვქონდა 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი წინასწარი პროგნოზი არის სულ მცირე 6 პროცენტი, თუმცა იცით, რომ ბიუჯეტში ასახულ მაჩვენებელს ყოველთვის მნიშვნელოვნად ვასწრებთ ხოლმე, შესაბამისად, წელსაც ველოდებით, რომ 6-პროცენტიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავასწრებთ. ეკონომიკურ კრიზისს ხედავთ, გერმანიას ზედიზედ 2 წელი აქვს რეცესია, ეკონომიკური ვარდნა. 11 პროცენტის პირობებში რომ ლაპარაკობ ეკონომიკურ კრიზისზე, როცა გერმანიას აქვს ზედიზედ 2 წელი ეკონომიკური ვარდნა, არ ვიცი. პირველ ადგილზე ვართ ფართო რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის 4-წლიანი მაჩვენებლით. საშუალო ზრდა გვქონდა 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 9,5 პროცენტი“, - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
2025 წელს მოზიდული პრემიის 45%, დაახლოებით ₾600 მილიონი ჯანდაცვის მიმართულებაზე მოდის - დავით ონოფრიშვილი
11.03.2026.20:00
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ბოლო შვიდ წელიწადში ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი თითქმის გაორმაგდა. მისი თქმით, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 600 მილიონ ლარს აღწევდა, ახლა კი მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულება 600 მილიონზე მეტია. ონოფრიშვილის თქმით, მომხმარებელთა ნდობა კერძო კომპანიებისადმი იზრდება, ხოლო სახელმწიფო უწყებები განიხილავენ ახალი რეგულაციებისა და ბაზრის განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის ავტოდაზღვევის სფეროში.
„ციფრებით რომ ვთქვათ, მთლიანი 1 მილიარდ 411 მილიონი ლარიდან 45%, დაახლოებით 600 მილიონი ლარი ჯანდაცვის მიმართულებაზე მოდის. საინტერესოა შედარება, 2019 წელს, სულ რაღაც 7 წლის წინ, მთელი სადაზღვევო სექტორის ჯამური მაჩვენებელი იყო 600 მილიონზე ოდნავ მეტი. გამოდის, რომ შვიდ წელიწადში მხოლოდ ჯანდაცვის დაზღვევამ მიაღწია იმ ნიშნულს, რაც ადრე მთელ ბაზარს ჰქონდა.
ეს ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის ნდობა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ გაიზარდა. მოქალაქეებს სჯერათ, რომ სექტორს შესწევს ძალა, შესთავაზოს მათ ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტები. ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო კატეგორიის პაკეტები, როგორც ბიუჯეტური, ისე პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი. ვინაიდან ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში სავალდებულო არ არის, ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით, გაცნობიერებულად ირჩევს კერძო დაზღვევას“, - განმარტავს დავით ონოფრიშვილი.
როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, ქართულ ბაზარზე მომხმარებელთა არჩევანი დღეს ორ მიმართულებას შორის არის გადანაწილებული: საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვაზე ან კერძო დაზღვევაზე. გარდა ამისა, ონოფრიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში განვითარდება ავტოდაზღვევის ბაზარიც, მათ შორის ახალი მანქანების სრული დაცვის (კასკო) მიმართულება.