ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია - ვახტანგ ცინცაძე
„2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკაში არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაძლიერდება. მისი თქმით, 2025 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 - 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
„აღნიშნულს განაპირობებს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს - აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და გრძელდება მცირე და საშუალო მეწარმეობის მიზანმიმართული მხარდაჭერა. ასევე ხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ზრდას და ეკონომიკის გაჯანსაღებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.09.2025.12:44
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ. ჩვენ, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, განვაგრძობთ პარტნიორობის გამყარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რათა შევძლოთ საიმედო ენერგეტიკული ცენტრის როლის კვლავ გაგრძელება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ორგანიზებით მიმდინარეობს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. „ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ქსელის საიმედოობის გამოწვევებთან გამკლავება რთულია რეგიონული თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გარეშე. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი რეგიონული ენერგოსისტემის განვითარება," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველია, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საყრდენიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მწვანე ენერგიას ეხება, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების მთავარი წყარო და ძირითადი შიდა ენერგეტიკული რესურსია. „ჩვენი პოლიტიკა მუდმივად იხვეწება მწვანე ენერგიაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ახალი პროექტების განვითარებასთან ერთად, ჩნდება ჩვენი ქსელების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გამოწვევა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების პარალელურად, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შემდეგ, ფორუმის მონაწილეებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მიესალმა.
ფორუმში მონაწილეობენ დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები, (Energinet, TEIAS, Azerenerji, Electro Power Systems Operator, Moldelectrica Transelectrica) კანადური ენერგეტიკული კომპანიების - „PSCAD" და „RTDS Technologies" და დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს CIGRE-ს ექსპერტები. ასევე Schweitzer Engineering Laboratories (SEL), ბათუმის საზღვაო აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.