ევრო დირექტივაში ვაჭრობის შესახებ, საუბარია ფერმერების დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ ფერმერს თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება გაყიდვის ალტერნატიული არხის მოძებნისთვის - „დეილი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორი
როდესაც ასიმეტრიაზეა საუბარი, გთხოვთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენი მომწოდებლები ასევე არიან მსოფლიო ბრენდები: „პროქტერ ენდ გემბლი“, „უნილევერი“, „ნესტლე“, „მონდელიზი“ და ა.შ., - განაცხადა „დეილი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა, დავით კუხალაშვილმა, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი განცხადებით, საქართველოს ბაზრის ტოპ ოთხი მოთამაშე, ბაზრის მხოლოდ 30 პროცენტს ფლობს ჯამში, მაშინ, როცა გერმანიაში ანალოგიური მაჩვენებელი 80 პროცენტს უტოლდება.
ამ მონაცემის გაჟღერებისას, კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, დავით კუხალაშვილს განუცხადა, რომ საქართველოს ტოპ ოთხი მოთამაშე ორგანიზებული ბაზრის 71 პროცენტს ფლობს.
„მათი [მსოფლიო ბრენდების] ბრუნვა არის საქართველოს ბიუჯეტზე უფრო მეტი. როცა ასიმეტრიაზე ვსაუბრობთ, აქეთ თუ „დეილი ჯგუფი“ გამოჩნდა ცოტა დიდი საქართველოს მასშტაბით, მეორე მხარეს, არანაკლებ გიგანტური კომპანიები არიან.
რაც შეეხება 2019 წელს მიღებულ ევრო დირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, ჩვენ ყურადღებით წავიკითხეთ და ძალიან გთხოვთ, მივაქციოთ ყურადღება, რომ იქ საუბარი არის აგრო-კულტურასა და ფერმერებზე და მათ დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ კიტრს რომ დაამწიფებს ფერმერი და უნდა მოგიტანოს ერთ კვირაში, შენ თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება ალტერნატიული გაყიდვის არხის მოძებნისთვის. ხშირად, ამ ევრო დირექტივების უკან ცოტა დიდი კომპანიებიც იმალებიან, მაგრამ, აქ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ ვართ ბაზრის 4 ტოპ-მოთამაშე, რომლებიც, ჯამში, მხოლოდ 30%-ს ვფლობთ ადგილობრივი ბაზრის. გერმანიაში, ტოპ 4, ჯამში ფლობს ბაზრის 80%-ს“, - განაცხადა კუხალაშვილმა.
„თქვენ ოთხნი ფლობთ ორგანიზებული ბაზრის 71%-ს, რომელიც მნიშვნელოვანია“, - განუცხადა „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელს შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს - Galt & Taggart
16.03.2026.17:03
ძირითადი აგროპროდუქტების - ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების – ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „სოფლის მეურნეობა საქართველოში“ არის აღნიშნული.
როგორც Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში არის აღნიშნული, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აერთიანებს პროდუქტიულობის, სურსათის ფასებისა და ინვესტიციების ინდიკატორებს და სისტემურად აფასებს სექტორის მდგომარეობას, ძირითად ტენდენციებს და განვითარების პოტენციალს. 2017-24 წლებში ინდექსის დინამიკა მთლიანობაში პოზიტიური იყო, რაც სექტორის ეტაპობრივ განვითარებაზე მიუთითებს. საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21.5 მილიარდი ლარი შეადგენდა, საიდანაც 27% იმპორტით, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი გადამუშავებული პროდუქტების მოხმარების მატებაა. ამასთან, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტმა 4.5 მლრდ ლარი შეადგინა 2025 წელს.
„მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს. ძირითადი აგროპროდუქტების –ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების –ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ექსპორტი 3.0 მლრდ ლარს, ხოლო იმპორტი 2.8 მლრდ ლარს. საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია. მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება. მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში. ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის. სექტორის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ცოდნის და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამავე დროს, ექსპორტი კვლავ რამდენიმე ძირითად პროდუქტსა და ბაზარზეა კონცენტრირებული, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის საჭიროებაზე მიუთითებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს. პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ბიზნესის როლის გაძლიერება, მიწის კონსოლიდაცია, სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ძირითადი წინაპირობებია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო მხარდაჭერაც, მათ შორის საინვესტიციო და აგროკრედიტის პროგრამები. ჯამში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების პოზიტიურ ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი იქნება პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება და ექსპორტის დივერსიფიკაცია“, - აღნიშნულია კვლევაში.