ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდა - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, გასულ წელს ინფლაცია სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა, ხოლო ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება უმეტესად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა.
,,2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო. დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე შეფასებით, დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი წამყვანია.
„აღსანიშნავია, რომ ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა და შედეგად, 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო. აქვე მინდა ვთქვა, რომ სხვა მიმართულებებით ჩვენმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მათ შორის ფისკალურმა პოლიტიკამ, სერიოზულად შეუწყო ხელი დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო ინოვაციური, მაღალი შრომის პროდუქტიულობით გამორჩეული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა IT ინდუსტრია, ინოვაციები, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, მშენებლობა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ეკონომიკური ზრდა გამორჩეულად მაღალია, ამან არ წარმოქმნა დამატებითი წნეხი ფასებთან მიმართებაში და ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. არც ისე ბევრი მაგალითია ისეთი ქვეყნების, სადაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ინფლაციური გარემო სტაბილურია და ინფლაცია არის დაბალი. ეს იყო ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულების ერთობლიობის შედეგი, თუმცა მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა გამოკვეთილად დაადასტურა დაბალმა ინფლაციამ, რომელიც ფიქსირდებოდა 2024 წელს და დღემდე ვინარჩუნებთ მიზნობრივზე დაბალს ან მიზნობრივთან ახლოს", - დასძინა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19.05.2025.19:04
19.05.2025.19:04
ქართული კომპანიები სოლიდურად გაიზარდნენ და შექმნეს ფანტასტიკური ისტორია, რაც სხვა კომპანიებს გაუადვილებს წარმატებით იყვნენ წარმოდგენილები ლონდონის საფონდო ბირჟაზე, - აღნიშნულის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამართულ საინვესტიციო ფორუმზე ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელმა აიუნა ნეჩაევამ განაცხადა. აიუნა ნეჩაევას მიერ ფორუმზე გამოთქმულ მოსაზრებებს Business Insider Georgia ექსკლუზიურად გთავაზობთ.
ლონდონის საფონდო ბირჟა ამაყობს საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მასპინძლობით. რამდენიმე წლის წინ ქართულმა კომპანიებმა არა მხოლოდ წარმატებით შეასრულეს მოთხოვნები და წარმატებით შეუერთდნენ ლონდონის საფონდო ბირჟას, არამედ შექმნის კარგი საფუძველი ქართული კომპანიებისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, ქართული კომპანიები სოლიდურად გაიზარდნენ და მათ შექმნეს ფანტასტიკური ისტორია, რაც გაუადვილებს სხვა კომპანიებს საქართველოდან წარმატებით იყვნენ წარმოდგენილები მომავალში ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვუსმენთ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის განსაკუთრებით კი რამდენიმე კერძო ქართულ ბიზნესს, რომლებიც ინვესტიციების მოზიდვით არიან დაკავებულები“, - აღნიშნა აიუნა ნეჩაევამ.
ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმს ლევან დავითაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ასევე საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.