ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. დისკუსია მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს, მონეტარული პოლიტიკის განვითარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხაზარაძე.
მხარეებმა განიხილეს გლობალური და რეგიონული გამოწვევები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის უწყვეტ ძალისხმევას. ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დაბალინფლაციური გარემო ცენტრალური ბანკის თანმიმდევრული და სანდო მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ფინანსური სექტორის ბოლოდროინდელი მიღწევების, მათ შორის საბანკო სისტემის მდგრადობისა და სიჯანსაღის, ინოვაციური ფინანსური მომსახურების გაფართოებისა და საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ინტერესის შესახებ.
ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკს შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთობის მნიშვნელობა. ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკს მადლობა გადაუხადა მუდმივი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში.
ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი ინტერესი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენისადმი მზადყოფნა გამოთქვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
26.04.2025
რომისა და ფორლის პირდაპირი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოს მიმართულებით, - ასე აფასებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ იტალიის ქალაქების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დამატებას.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, 2024 წელს საქართველოსა და იტალიას შორის მგზავრთნაკადმა საქართველოსა და იტალიას შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 152 653 მგზავრი შეადგინა.
„მოხარულნი ვართ, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამატებს ახალ ევროპულ მიმართულებებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და იტალიას შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 153 ათასამდე მგზავრი შეადგინა, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის რეგიონის ქვეყნებისთვის და მოწმობს, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების კუთხით დაინტერესება მაღალია. რომისა და ფორლის პირდაპირი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოს მიმართულებით.
აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ავიაკომპანია Georgian Airways-ის როგორც ამ კონკრეტული რეისის ეკიპაჟს, ისე სრულად საფრენოსნო პერსონალს, ასევე ყველა მოქმედი ავიაკომპანიის პილოტს მივულოცო მფრინავთა მსოფლიო დღე. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა გივი დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისიდან იტალიის დედაქალაქ - რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ: ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
თბილისი-რომი-თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვირშვილმა, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ Georgian Airways-ის ხელმძღვანელი პირები, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები.
Georgian Airways-ი უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით დაიწყო.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
Georgian Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.