ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა - ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ - ნათია თურნავა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლით გათვალისწინებული მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან 2025 წლის IV მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა.
სსფ-ის მისიის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
ნათია თურნავამ თქმით, როგორც სავალუტო ფონდის დასკვნაშიცაა აღნიშნული, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს და შეინარჩუნოს კარგად მართული ინფლაციური მოლოდინები, რაც სებ-ის მთავარი პრიორიტეტია.
„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობაა და ამ კუთხით, საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული არის გარკვეული რისკები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას. სავალუტო ფონდის პროგნოზითაც, წელს საშუალო ინფლაცია 3,4% -ის დონეზე დარჩება, 2026 წელს კი თავის მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფასების სტაბილურობაზე. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მისივე განმარტებით, მისასალმებელი და აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის დასკვნაში ხაზგასმულია სებ-ის ძალისხმევაზე ლარიზაციის მიმართულებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია.
სავალუტო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალურ ელემენტად რჩება. მათივე დასკვნით, შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა. ძალიან მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, ეკონომიკის პერსპექტივის მიმართ რისკები მეტწილად დაბალანსებულია.
„ეროვნულმა ბანკმა ფართოდ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკის ნეიტრალური პოზიცია, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოს ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება. გაცვლითი კურსის მოქნილობა, რეზერვების შეძლებისდაგვარი დაგროვება და მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს. მუდმივი სიფრთხილე და რეფორმები დაეხმარება ფინანსური სექტორის წინაშე არსებული ძველი და ახალი რისკების გადაჭრაში“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა არსებული გამოწვევების ფონზე ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა.
„ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და შესაბამისად ვრეაგირებთ ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პრაქტიკულად, შევჯერდით ყველა ძირითად ფისკალურ, მაკროეკონომიკურ პარამეტრზე და ფონდის შეფასებები თანხვედრაშია იმ პროგნოზებთან, რაც ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ჰქონდა გაცხადებული. ეკონომიკური ზრდა წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც იყო 6% - გაიზარდა 7.2 პროცენტამდე, ინფლაციის ნაწილშიც ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული პოლიტიკა და პროგნოზები თანხვედრაშია სავალუტო ფონდის შეფასებებთან“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს თანამშრომლობისთვის.
„კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო სსფ-ს მისიის წარმომადგენლებს და ყველა ჩართულ მხარეს კონსტრუქციული დისკუსიისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა მან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.16:13
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა, ეკონომისტ გოგა ხიშტოვანს ფეისბუქ პოსტზე უპასუხა, სადაც ხიშტოვანი ეკონომიკის დაკრედიტების გამოთვლის მისეულ ვერსიაზე საუბრობს. დავით უტიაშვილის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
„სალამი გოგა. ჩვენთვის მნიშნველოვან საკითხს ეხება პოსტი და აქვე გიპასუხებთ, მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მისცეს.
საკრედიტო ტენდენციების შეფასებისას „ნაკადების“ დინამიკაზე დაყრდნობა ხშირად შეცდომაში შემყვანია. კერძოდ, ახალი გაცემული სესხებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული ვალის რეფინანსირებაა და მისი გამორიცხვის გარეშე არასწორ სურათს გვაძლევს როგორ დაკრედიტდა რეალური ეკონომიკა.
ამიტომ, მიღებულია უშუალოდ პორტფელის ნაშთის ზრდაზე დაკვირვება. ამ კუთხით, აპრილის მდგომარეობით, სესხების წლიური ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა. დაახლოებით მსგავსი სურათია უშუალოდ 2025 წლის პირველი 4 თვის ზრდის ტემპის გაწლიურებისას.
ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ გასული წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებული 18%, თუმცა ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაციის პარალელურად, სესხების ზრდის ტემპის ასეთი ნორმალიზაცია მოსალოდნელია. ამასთან, სესხების შეფარდებით მშპ-სთან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში. ასეთ პირობებში, დამატებით კიდევ წლიური 15.5% ზრდა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საკმაოდ ძლიერი და მდგრადი მაჩვენებელი. სწორედ ამის ხაზგასმაა ჩვენს რელიზებსა და საჯარო კომუნიკაციაში“.