ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო - ვახტანგ ცინცაძე
2026 წლის თებერვალში ექსპორტი, წინასწარი მონაცემებით, 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას - 545.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელმაც 1,026.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9%-ით არის გაზრდილი.
„აღნიშნულ ტენდენციებს განაპირობებს ის მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი წარმოება და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო გავხადოთ უფრო მიმზიდველი, რათა საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება იყოს კონკურენტუნარიანი და ეს, საბოლოო ჯამში, აისახოს როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის მიერ Stablecoin-ის შეთავაზების წესის შემუშავება სექტორისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია - შოთა ლომთაძე
13.03.2026.14:05
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივების (stablecoin) პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, - განაცხადა Bybit Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა ლომთაძემ.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაცია ბაზრის მონაწილეებისთვის მკაფიო და პროგნოზირებად წესებს განსაზღვრავს, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ძალიან საინტერესო სამართლებრივი ჩარჩოა ჩამოყალიბებული, რაც ზრდის კრიპტო და ციფრული აქტივების პროვაიდერების ინტერესს საქართველოს მიმართ. კომპანიებს ზუსტად ესმით, რა წესებით უნდა იმოქმედონ. მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაცია ნდობის ფაქტორს მნიშვნელოვნად აძლიერებს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, Stablecoin მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.
„სთეიბლქოინი არის ხიდი ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის. მისი არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ნდობის დამატებით ინსტრუმენტს ქმნის და მომხმარებლებს ციფრული აქტივების უფრო უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა მან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული რეგულაცია 2026 წლის მარტში შეიმუშავა. რეგულაციის მიზანია უსაფრთხო და გამჭვირვალე ეკოსისტემის ჩამოყალიბება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სექტორში რისკების მართვის გაუმჯობესება.