ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო - ვახტანგ ცინცაძე
2026 წლის თებერვალში ექსპორტი, წინასწარი მონაცემებით, 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას - 545.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელმაც 1,026.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9%-ით არის გაზრდილი.
„აღნიშნულ ტენდენციებს განაპირობებს ის მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი წარმოება და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო გავხადოთ უფრო მიმზიდველი, რათა საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება იყოს კონკურენტუნარიანი და ეს, საბოლოო ჯამში, აისახოს როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
04.04.2026.22:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობისას მინისტრმა აღნიშნა, 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას.
„2036 წელს დადგმული სიმძლავრე უნდა შეადგენდეს 11,500 მგვტ-ს, როდესაც დღეს გვაქვს 4,700 მგვტ. ყველა ის პროექტი, რომლებიც უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, უნდა ექვემდებარებოდეს გონივრულ ვადებს, ისევე როგორც უნდა ეფუძნებოდეს იმ მნიშვნელოვან კვლევებს, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოდ და მდგრადად, ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, გეგმაზე მუშაობის პროცესში არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა კერძო სექტორთან. 10-წლიანი გეგმა ორ ფაზად დაიყო - მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიქმნება დამატებით 4,000 მგვტ, რომელიც განაწილებულია მზის, ქარის, ისე როგორც ჰიდრორესურსის სწორ ბალანსზე. შემდგომი 5 წლის განმავლობაში კი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას კიდევ 2,700 მგვტ დაემატება, რომლის უმეტესი წილიც მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე მოდის.
„ენერგეტიკული რესურსების კვლევა მუდმივი პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთი მხრივ სექტორის განვითარებასთან ერთად ვიზრუნოთ და უზრუნველვყოთ ამომწურავი კვლევების ფორმირება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად და სწორად შევაფასოთ ის საკმაოდ დიდი რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰიდროენერგეტიკაში აქვს. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა, რადგან ერთია - ინვესტორების სურვილი და მოტივაცია, მეორე მხრივ კი ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კუთხითაა დღეს საქართველოში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში შემუშავებულია სახელმწიფოს გეგმა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, მათ შორის - გადამცემი ქსელების, ისევე როგორც ქვესადგურების განვითარების კუთხით იმისთვის, რომ თანაბრად გადანაწილდეს ელექტროენერგია და ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ ახალი დადგმული სიმძლავრეები მიიღოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მზის, ქარისა და ჰიდრორესურსების ძალიან მნიშვნელოვან, სწორ ბალანსზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის გაერთიანება მთავარი იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების - ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური აღორძინების და რაღა თქმა უნდა, იმპორტზე დამოკიდებულების ერთობლივი ძალისხმევით შემცირებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.