ენერგეტიკულ პროექტებზე ჯარიმების პატიების ყველა გადაწყვეტილება აისახება მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტებში, რომლებიც საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ექნება ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის ხელშეწყობისთვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ჯარიმების პატიებაც ასახული იქნება მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტებში, რომლებიც საჯაროა. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პატიება არ ხდება რაიმე შერჩევითი პრინციპით, ის ეხება ყველა კომპანიას და აქაც მთავარი არის გამჭვირვალეობის ფაქტორი.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიულ და ბიუროკრატიულ ფორმას მივცემთ, ასახული იქნება მთავრობის სამართლებრივ აქტებში, რომლებიც საჯაროა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს თითოეული კომპანიის შესაბამის ისტორიას და პროექტის შინაარსს, რომელზეც გავრცელდა პატიება" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე გავრცელებულ სპეკულაციებს თავად ენერგეტიკის სექტორმა და მეწარმეებმა უპასუხეს იმ შეფასებით, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ენერგეტიკის დარგის რეალური განვითარებისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის სექტორი სიხარულით შეხვდა ჩვენს გადაწყვეტილებას, უკვე დავიწყეთ, ასე ვთქვათ, გადახედვის რეჟიმში თანამშრომლობის გაგრძელება ყველა დაინტერესებულ მხარესთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობითა და პასუხისმგებლობით ძალიან მალე გვექნება ხელშესახები შედეგები" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი
13.12.2025.02:33
"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.