ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევების გადახედვა, ინვენტარიზაცია და კონკრეტულ საკითხებზე პასუხების მოძიება ეკონომიკის სამინისტროს სწორი ხედვაა - ლევან ვეფხვაძე
„ეკონომიკურ ფორუმში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობა ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკა ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაც ენერგეტიკა და ენერგეტიკის სექტორში გატარებული თუ მიმდინარე რეფორმები იყო.
როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის თემაზე გამართული არაერთი შეხვედრა და მაღალი დონის მონაწილეობა მიუთითებს იმაზე, რომ დარგს ეკონომიკური განვითარების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მიმდინარეობს არსებული საკითხების სისტემური გაანალიზება.
„ენერგეტიკის მიმართულება უკვე მერამდენე ფორუმის დღის წესრიგშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ფორუმში პირადად მინისტრის (მარიამ ქვრივიშვილი) მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ვფიქრობ, სამინისტროს ძალიან სწორი ხედვაა იმ პრობლემების გადახედვა, ინვენტარიზაცია და მათზე პასუხების მოძებნა, რომლებიც ამ სფეროში აქამდე დაგროვდა. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, გაიცეს სწორი პასუხები ყველა კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც შეიძლება დარგის ირგვლივ დაისვას“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას დარბაზში სრული ანშლაგი ადასტურებდა საინვესტიციო ინტერესს, ხოლო სამინისტროს მიდგომა მიმართულია არსებული გამოწვევების საერთო ძალისხმევით შესაძლებლობებად ქცევისკენ.
„სამინისტროს ნაწილში ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ არსებობდა თემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია თაროზე იყო შემოდებული. ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ ვინმეს მუშაობა არ სურდა, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი საკითხი რთული, პრინციპული და ფაქიზი გადასაწყვეტია - განსაკუთრებით ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობისა და გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
როგორც იცით, უფასო სადილი არ არსებობს და ყველაფერს თავისი ღირებულება აქვს. ხშირად ამ საკითხებზე მუშაობისა გვეშინოდა, რომ ამას შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამოეწვია. ამ შიშიდან გამომდინარე, გასულ წლებში იმდენი პრობლემა დავაგროვეთ, რომ დღეს სამინისტროს სერიოზული მუშაობა უწევს მათ მოსაგვარებლად. არავინ ამბობს, რომ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ამ პრობლემებს უცებ მოაგვარებს. ეს არის ეტაპობრივი გადაწყვეტის გზა.
ანშლაგიც ადასტურებს, რომ მინისტრის პირადი ჩართულობისა და პრობლემების მოგვარების სურვილის მიმართ ნდობა არსებობს. ამას ყველანი ვხედავთ, ვადასტურებთ და ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს სირთულეები საბოლოოდ დაიძლიოს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე - სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი
21.04.2026.11:14
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.
იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.
ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.
მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.