ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები რეგულირებადი ხდება
პარლამენტში „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა, რომლის თანახმადაც ელექტრული ქსელების მოწყობა გახდება კონტროლირებადი.
გაჩნდება ლიცენზირებულ კომპანიათა ელექტრონული რეესტრი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეარჩიოს ესა თუ ის ლიცენზირებული კომპანია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად. 10 კილოვატი და მასზე მეტი სიმძლავრის ობიექტებზე შეუძლებელი გახდება ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება არალიცენზირებული/არასერტიფიცირებული სუბიექტების მიერ.
კანონპროექტის მიღების შემდეგ, 10 და მეტი კილოვატი სიმძლავრის ობიექტებზე ელექტრული ქსელების მოწყობა/შეკეთება მხოლოდ ლიცენზირებული იურიდიული პირების მიერ უნდა განხორციელდეს. ლიცენზირების საფასური 200 000 ლარი იქნება, ხოლო ვადა 2 წელი.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2 წლის გასვლის შემდეგ, საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში კომპანიას ისევ 200 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ასევე, დღეისათვის არსებულ ელექტრულ ქსელებში უსაფრთხოება და მდგრადობა შემოწმებადი იქნება შესაბამისი სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლების მიერ, გაიცემა დასკვნები, რომელშიც დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება განხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებული/სერტიფიცირებული სუბიექტების მიერ;
სააგენტოს შემოსავლის ძირითადი წყარო იქნება ლიცენზირების/სერტიფიცირების მოსაკრებელი (რომელიც ასევე მოიცავს ლიცენზირებული კომპანიების საქმიანობიდან მიღებული შემოსავალს), რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პირდაპირი გავლენის გარეშე უზრუნველყოფს ენერგეტიკული სფეროს რეგულირებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას;
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო (სსიპ - ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო) შეიქმნება, რომელიც გასცემს ლიცენზიას იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ელექტრულ სამუშაოებს (მშენებლობისას, რეაბილიტაციისას, რემონტისას) და რომლის დაფინანსების ძირითადი წყარო თავად ასეთი იურიდიული პირებისგან მიღებული შემოსავალი იქნება.
სააგენტოს დაუდგინდება ვალდებულება ლიცენზირებული კომპანიების რეესტრის შექმნის თაობაზე, მათი საქმიანობის კონტროლის/ანგარიშგების/პერიოდული შემოწმების ფორმისა და წესის შემუშავების თაობაზე;
განხორციელდება ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში, რაც გამორიცხავს ამ ცვლილების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ობიექტებში ამგვარი სამუშაოების წარმოებას არალიცენზირებული კომპანიების მიერ.
განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები ლიცენზიისა და შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე ელექტრო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში.
შემოღებული იქნება სერტიფიცირების წესი, რომლის თანახმადაც, კომპანიებში დასაქმებული პირები, ვინც უშუალოდ განახორციელებენ ელექტრო ტექნიკურ სამუშაოებს, ვალდებულები გახდებიან შესაბამისი გადამზადების შედეგად მოიპოვონ უსაფრთხოების სერტიფიკატი. ამასთანავე, განისაზღვრება გადამზადებისა და სერტიფიცირების წესი და პირობები.
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ელექტრო ქსელებში არსებული რთული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოსწორდება, მინიმუმზე დაიწევს არაგეგმიური (ავარიული) გამორთვების რაოდენობა, მოხდება მომხმარებელთა ელექტრო მომარაგების კომერციული ხარისხის მაჩვენებლების, კერძოდ კი DAISI-ს და SAIFIს სამიზნე მაჩვენებლების გაუმჯობესება რაც თავის მხრივ წარმოადგენს მომხმარებლების ელექტრო მომარაგების საიმედოობის ამაღლების პირობას;
სწრაფი ტემპით დაიწყება სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების დაცვით, დასაქმდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა დიდი ნაწილი, ხელი შეეწყობა საქართველოში წარმოებული ელექტრული საქონლის რეალიზაციას და მინიმუმამდე დაიწევს ავარიების და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი რისკები.
როგორც „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული, დღეს საქართველოში ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის არმქონე სუბიექტების მიერ, მთელ რიგ შემთხვევებში, ისეთი კადრების (პერსონალის) მეშვეობით, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ (დღეისათვის არ გაიცემა სამუშაოს განხორციელების ლიცენზია, შესაბამისად სათანადოდ არ მოწმდება ცოდნისა და გამოცდილების ხარისხი, არ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ა.შ) და ყველაზე მთავარი, არ არსებობს ელექტრული ქსელების მოწყობისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების/მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, რაც მნიშვნელოვანად ზრდის უბედური შემთხვევების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკებს.
„ელექტრო გადამცემი და განაწილების სისტემის წერტილიდან აღრიცხვის კვანძამდე სამუშაოებს ასრულებს შესაბამისი გადაცემისა და განაწილების ლიცენზიანტი (მათი კონტრაქტორი კომპანიები), რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ჰყავთ კვალიფიციური პერსონალი, თუმცა არ არსებობს სისტემატიზებული მიდგომა, რომელიც ერთიანი სისტემით გააკონტროლებს ასეთი სამუშაოების შესრულებისა და პერსონალის კვალიფიკაციას ხარისხს, და ეს საკითხი, ძირითად შემთხვევაში, თავად ამ კომპანიების კეთილსინდისიერების იმედად არის დარჩენილი.
აღრიცხვის კვანძიდან მიერთების წერტილებამდე (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, მცირე და მსხვილი მეწარმეები, კომერციული ფართები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკვერები, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.) სამუშაოებს ასრულებენ ძირითადად ისეთი სამშენებლო კომპანიები, რომელთა საქმიანობის ხარისხი არ არის სათანადოდ კონტროლირებადი, ამასთან ერთად, უცნობია რამდენად კვალიფიციური თანამშრომლები ჰყავთ, რა გამოცდილება გააჩნიათ, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოებს, რამდენად სწორად არის დაგეგმილი ელექტრული ქსელის განაწილების პროექტი, რამდენად სწორად არის განსაზღვრული შესაბამისი რისკები და უსაფრთხოების პარამეტრები და სხვ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საკითხი ძირითად შემთხვევაში დაურეგულირებელია, რაც მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ობიექტების მდგრადობასა და ფინანსურ კეთილდღეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ არ არსებობს ელექტრული ქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო-სააგენტო, შესაბამისად არც სათანადო სისტემატიზებული მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს შემსრულებელი კომპანიების საქმიანობის კონტროლს და შესრულების ხარისხს, რითაც დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები, საფრთხე არ შეექმნება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შესაბამისად, თავიდან იქნება აცილებული ქსელში ავარიები, ავარიული გამორთვები და ა.შ.
პრობლემის რეალურად საჩვენებლად გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში მომხდარი უბედური შემთხვევები, როდესაც ელექტრო გაყვანილობის უსაფრთხოების წესების დარღვევას მსხვერპლი მოჰყვა და ასევე აღსანიშნავია ისეთი უბედური შემთხვევები, როდესაც მოუწესრიგებელმა ელექტრო გაყვანილობამ ხანძრის გაჩენა და დიდი ზარალი გამოიწვია“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე
10.04.2026.15:31
„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.