სებ-მა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-დან 7.4%-მდე გააუმჯობესა
2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა, - ამის შესახებ სებ-ის პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა, რომლის მიხედვითა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
„2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაცია, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს კარგად ასახავს, მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბლა შენარჩუნდა და 2.3 პროცენტს გაუტოლდა. ასევე, თითქმის ორი წელია მიზნობრივ დონეზე დაბალია საბაზო ინფლაცია. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, წინა კვარტალის პროგნოზის მსგავსად, მეტწილად გლობალურად არსებული ტენდენციებისა და წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, 2025 წელს ინფლაცია დროებით 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3.8 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება.
კვლავ ძლიერი ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მეტწილად ეკონომიკის გაუმჯობესებული საწარმოო პოტენციალით არის განპირობებული, რაც ჭარბი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და პირველ ხუთ თვეში ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სებ-ის ცენტრალური სცენარით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა.
გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის დღის წესრიგი არაერთხელ გადაიხედა, რომლის ხელახალი გამწვავებაც გლობალურად ეკონომიკის ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაამწვავებს. აღნიშნული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებს წარმოქნის, რაც სტაგფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაცია რეგიონის რისკიანობას გაზრდის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან წნეხს წარმოქმნის. ამავდროულად, საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციები. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი. ამ რისკების რეალიზება კი, ცენტრალურ სცენართან შედარებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, პროდუქტიულობა შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ასევე, აღნიშნულ სცენარში მოიაზრება დოლარის ინდექსის გლობალურად შესუსტებული პოზიცია და სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასების სწრაფი ნორმალიზება. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, - აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
30.07.2025.19:00
2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.