ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და საქართველოს 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დახურავს - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კი სექტორულ დონეზე საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
„2025 წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.3%-ს შეადგენს, აღსანიშნავია რომ ივნისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და სექტორების მიხედვით ზრდაში მაღალი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ - ექსპორტის 10%-ზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვეების რეკორდული მაჩვენებელია. ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე რეკორდულია მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობით და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებით. მინისტრის მოადგილე კიდევ ერთ ხელშემწყობ ფაქტორად სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებს ასახელებს.
„აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების ფონზე არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით. კერძოდ, სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ასევე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და გაძლიერდება წლის ბოლომდე და საქართველო შეძლებს 2025 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდით დახურვას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.07.2025.22:11
სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში, ანაკლიის პორტის საქმეზე, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის საქართველოს გამარჯვებით დასრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.
„ძალიან მარტივადაა საქმე - სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა, სწორედ, მათ ჩააგდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება,“- განაცხადა პრემიერმა.