ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა 2026 წელსაც შენარჩუნდება - ვახტანგ ცინცაძე
„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო ჯამურად იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ით განისაზღვრა. ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა 2026 წელსაც შენარჩუნდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და მას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც შიდა მოთხოვნა, ასევე ადგილობრივი ექსპორტის ზრდა.
„ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. აღნიშნული მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის ვახტანგ ცინცაძემ ასევე ხაზი გაუსვა საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებულ პოზიტიურ ტენდენციებს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის 70%-იან ზრდას.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები შენარჩუნდება, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
სხვა სიახლეები
Moody’s-ი თიბისი ბანკის რეიტინგის განახლებს აქვეყნებს - რა წერია ანგარიშში
31.03.2026.15:20
Moody's Ratings-მა დაადასტურა თიბისი ბანკის Ba2/NP გრძელვადიანი და მოკლევადიანი საბანკო დეპოზიტების რეიტინგები. განახლების თანახმად, ბანკის გრძელვადიან დეპოზიტურ რეიტინგებზე პერსპექტივა ნეგატიურად რჩება.
პარალელურად, დადასტურდა თიბისი ბანკის ბრიტანული ჰოლდინგის კომპანია - TBC Bank Group PLC-ის Ba3/NP გრძელვადიანი და მოკლევადიანი ემიტენტის რეიტინგები. გრძელვადიან ემიტენტის რეიტინგებზე პერსპექტივა ნეგატიურია.
ანგარიშის თანახმად, რეიტინგი ასახავს ბანკის სტაბილურ ფინანსურ შედეგებს, განსაკუთრებით მის მაღალ მომგებიანობას - საშუალო აქტივებზე 3.4%-იანი უკუგებით (RoA), რაც განპირობებულია მისი ძლიერი საბაზრო პოზიციით, ასევე მყარ კაპიტალიზაციას - 2025 წლის ბოლოს მდგომარეობით CET1 კოეფიციენტით 16.6%.
Moody's-ის შეფასებით, აღნიშნული ძლიერი მხარეები ნაწილობრივ ნეიტრალიზებულია აქტივების მომატებული რისკებით, რაც დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებასთან და სწრაფ საკრედიტო ზრდასთან. ამასთან, დეპოზიტების მაღალი დოლარიზაცია და არარეზიდენტი დეპოზიტებზე ზომიერი დამოკიდებულება ზღუდავს დაფინანსების სტრუქტურას, თუმცა ეს ნაწილობრივ კომპენსირდება კარგი ლიკვიდურობით.
TBC PLC-ის Ba3 გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგის დადასტურება განპირობებულია TBC Bank-ის BCA-ს დადასტურებით, ვინაიდან ბანკი წარმოადგენს ჰოლდინგის აქტივებისა და შემოსავლების ძირითად ნაწილს და მათი ფინანსური მაჩვენებლები ერთმანეთის მსგავსია.
TBC PLC-ის რეიტინგი ერთი საფეხურით დაბალია თიბისი ბანკის ba2 კორექტირებულ BCA-ზე, რაც განპირობებულია სტრუქტურული სუბორდინაციით - ჰოლდინგის დაუზღვეველი კრედიტორები უფრო დაბალ პრიორიტეტულობით ხასიათდებიან ბანკის კრედიტორებთან შედარებით, ასევე შედარებით დაბალი ორმაგი ლევერიჯით.
ამასთან, Moody's-ის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა არსებული ნეგატიური პერსპექტივის პირობებში. თუმცა პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ სუვერენული რეიტინგის პერსპექტივაც სტაბილურად შეიცვლება.