ეკონომიკური ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებითა და პროგნოზებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები" მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის არსებულ დინამიკაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კუთხით საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის - გასულ წელს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.6% შეადგინა, მიმდინარე წელს კი საშუალო 8%-ია.
„ძალიან სასიხარულოა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგადად რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, აღნიშნულ მონაცემებს ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციები - მათ შორის EBRD-ს დღევანდელი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაიზარდა, ასევე სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა პროგნოზი 7.2%-მდე" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა წამყვანი ეკონომიკური სექტორების არსებული მდგომარეობა, ასევე მათი შემდგომი განვითარების კუთხით მთავრობის და მისი უწყების ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის, ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ენერგეტიკის უწყებებში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა ამავე საწარმოებში დაბრუნდება და ისევ ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას მოხმარდება.
„ასევე ვმუშაობთ ახალ ინიციატივაზე, რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ჰიდროპროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, შესაბამისად, სწორად ვაფასებთ იმ ხარვეზებს, რაც ამ მიმართულებით გვაქვს და მზად ვართ, კერძო სექტორს შევთავაზოთ ახალი ინსტრუმენტები, რომ გავამყაროთ ინვესტორების ნდობაც ასეთი პროექტების მიმართ " - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
28.09.2025.22:01
პარლამენტის წევრი, ვაკო თურნავა EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის განახლებას ეხმიანება და აცხადებს რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული მდგრად და გრძელვადიან ტენდენციაში გადაითარგმნოს.
„EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7%-ით გაიზრდება, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის აყენებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული გონივრული საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის, ღრმა სტრუქტურული რეფორმებისა და ჩვენი მთავრობის მიერ, პრემიერ-მინისტრის გონიერი ხელმძღვანელობით შექმნილი სტაბილური, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შედეგი. სწორედ ამ სწორმა რეფორმებმა გააძლიერა ინვესტორთა ნდობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ამავე დროს, რეკორდული რაოდენობის ტურისტები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ზრდის დინამიკას მთელ ქვეყანაში.
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა ჩვენი ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. ერთმანეთის მიმართ აგრესია და პოლარიზაცია ყველას გვაზარალებს და აფერხებს განვითარებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, პატივისცემა და თანამშრომლობა.
ამ წარმატების შენარჩუნება და გაღრმავება ყველას გვჭირდება. ძლიერი ეკონომიკა იქმნება არამხოლოდ მთავრობის პოლიტიკით, არამედ ხალხისა და ბიზნესების აქტიური მონაწილეობითაც.
გადასახადების გადახდა არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა, რომლითაც თითოეულმა მოქალაქემ და კომპანიამ შეიძლება შეიტანოს წვლილი. სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული საზოგადოების კატეგორია, რომლებიც გადასახადების თავის არიდებას ცდილობენ და მომხმარებლებს სთხოვენ თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას. ასეთი ფაქტები მომრავლდა. ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ და გადასახადი მხოლოდ 1%-ია, ამასაც რომ არ იხდი – ეს მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
ამასთან, მინდა მოვუწოდო საფინანსო სექტორს, რომ მეტად გააკონტროლოს მსგავსი ჩარიცხვები და არ აღიქვას ისინი როგორც ჩვეულებრივი ტრანზაქცია, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება.
ერთად, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შევძლებთ ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნას და უკეთესი მომავლის შექმნას თითოეული ქართველისთვის,” - აცხადებს ვაკო თურნავა.