ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო - ნათია თურნავა
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი განმარტებით, სებ-მა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.
„5%-დან ავწიეთ 6%-მდე. ჩვენ მაინც უფრო კონსერვატიული შემფასებლები ვართ და, სულ მცირე, 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო მაღალიც იყოს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია ქვეყნისთვის და ნიშნავს, რომ ვითარდება მთელი რიგი დარგები. ეს ნიშნავს შემოსავლებს, ასევე ნიშნავს, რომ მაღალი დასაქმების დონე, რაც მიღწეულია, კვლავაც შენარჩუნდება. თუმცა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა, ანუ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა სამომხმარებლო ფასებზე, ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყოს. ამიტომ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ვახორციელებთ.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, მიმდინარე წლის ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიცია გავაკეთეთ და სურათი იმგვარია, რომ ძირითადად ორი კომპონენტია განმსაზღვრელი – ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტი. მოხმარების მხრიდან პირველ კვარტალში კონტრიბუცია შემცირებული იყო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს კვლავაც ვადევნებთ თვალს“, - აღნიშნა თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ეკონომიკურ ზრდაში საფინანსო სექტორი კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.
სხვა სიახლეები
03.10.2025.11:22
წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.