ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას - ვახტანგ ცინცაძე
„2021-22 წლებში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ფიქსირდება უმუშევრობის დონის შემცირება - წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. აღსანიშნია, რომ 2022 წელს უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 17.3 პროცენტი შეადგინა" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელების შესახებ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ უმუშევრობის დონე შემცირებულია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც.
„2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1 284 000 პირი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად" - აღნიშნა ცინცაძემ.
უმუშევრობის დონის შემცირებასთან და დასაქმების ზრდასთან ერთად ფიქსირდება შრომის ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებაც. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, დასაქმების ზრდის პარალელურად, იზრდება შრომის ბაზარზე აქტიურობის დონეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე არ ეძებდნენ სამსახურს, დღეს უკვე იწყებენ სამუშაოს ძებნას და ამავე დროს, საქმდებიან.
„ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და, საბოლოო ჯამში, აისახება სიღარიბის დონის შემცირებაზე" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
30.07.2025.19:00
2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.