ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამანაც სერიოზული შედეგები მოგვცა - ის ეკონომიკური მონაცემები რაც გვაქვს, ამ ყველაფრის შედეგიც არის | პრემიერი
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამ ცვლილებებმა სერიოზული შედეგები მოგვცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“.
პრემიერის თქმით, 2025 წლის მთავარი მიღწევა იყო მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით ხელისუფლებამ უზრუნველყო იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან.
„2025 წლის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით უზრუნველვყავით იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან. მშვიდობის გარეშე არც ერთი ეს შედეგი არ იქნებოდა. ასევე, 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება.
მთავრობაში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს განსაკუთრებით შეეხო ჩვენს ეკონომიკურ და სამართალდამცავ გუნდს. სამართალდამცავი მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გვაქვს უპრეცედენტო შედეგები.
რა თქმა უნდა, ეს არის სამართალდამცავი ბლოკის დამსახურება და იმ ახალი სახეების დამსახურება, რომელიც ჩვენს გუნდში არიან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი. მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა და ამან მოგვიტანა კონკრეტული შედეგები. ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამანაც სერიოზული შედეგები მოგვცა. ის ეკონომიკური მონაცემები რაც გვაქვს, ამ ყველაფრის შედეგიც არის. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ის ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრად უფრო მეტი წარმატებით ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, 2025 წელი იყო ძალიან პრინციპული, სისტემის გადაწყობის თვალსაზრისით, და ამ ყველაფრის შედეგებს, საზოგადოება ხელშესახებად იგრძნობს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
არაბიზაცია არის ტყუილი - ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე
17.12.2025.02:30
არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში „იგლ ჰილსის“ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურმა ინვესტიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავ-ბნელი ძალების კამპანიას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.
„გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა საშუალოდ 9,8% ეკონომიკური ზრდა, წელსაც 7,5%-ით დავასრულებთ წელს. გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებული არიან არაკეთილმოსურნეები და როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იგივეს „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე. ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში. ერთი დეტალი კარგად აჩვენებს კოორდინაციას - კამპანია აწყებინეს „ლელოს“ და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან. თუ დააკვირდებით ბოლო 1-2 კვირას, „ლელო“ გაწეული ჰყავთ კამპანიიდან. ანუ ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გაწიეს და ეს კამპანია არსებითად გადააბარეს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. კონკრეტული შავ-ბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე“ კონკრეტული მიზეზიც გითხარით. ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს იმ პროცესებიდან, რაც ვითარდება. ანუ „ლელოს“ დააწყებინეს, მერე გაწიეს „ლელო“, გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, იქ ჰყავთ კიდევ ჩართული უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, რეალურად ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ ნაკლი არ აქვს. არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. 11 მილიარდი მარტო ერთი პროექტიდან. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება, ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტებები. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები. არის უპრეცედენტო ინვესტიცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. ამ პირობებში „ალტ ინფო“, „ლელო“, ნაცები და ეს შავ-ბნელი ძალები აწარმოებენ კამპანიას ამ ინვესტიციის წინააღმდეგ, ამასაც საზოგადოება ბუნებრივია, სათანადოდ შეაფასებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.