ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსია მიხეილ სარჯველაძემ გახსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ
ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში | შესაძლებლობები და გამოწვევები " იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სს „არდი დაზღვევის“, გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ეკონომიკური ფორუმი არის ერთ-ერთი გამორჩეულად ნაყოფიერი და სასარგებლო პლატფორმა, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ თანამშრომლობა გვქონდეს კერძო სექტორთან და ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების შესახებ გაიმართოს დისკუსიები. დისკუსია, რომელიც ორიენტირებულია საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მათ შორის დღევანდელ შეხვედრაზეც არაერთი ასეთი საკითხი იქნა დასმული, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო ხედვა გამოიკვეთა, როგორც კერძო სექტორის მხრიდან, ასევე იმედი მაქვს სახელმწიფოს მხრიდანაც საკმაოდ საინტერესო ხედვები იქნა შეთავაზებული. ვფიქრობ, რომ მომავალში ეკონომიკური ფორუმი კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს. ვისურვებ, რომ მომავალში ეს პლატფორმა გახდეს ერთ-ერთი მთავარი, სადაც მზადდება ყველაზე სრულფასოვნად გადაწყვეტილებები“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაცია. რა რესურსი აქვს და რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ არსებულ ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიებმა გარკვეული ტიპის მონაწილეობა და კონტრიბუცია მიიღონ, რითაც სისტემა უფრო ეფექტური გახდება, უფრო წინ გადადგამს ნაბიჯს. დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა კომპონენტია ყოფა-ცხოვრებაში და თუ სადაზღვევო კომპანიები რაიმე კუთხით თავის ცოდნას, გამოცდილებას, თავის ინფრასტრუქტურას გაუზიარებენ სისტემას, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება, საბოლოო ანგარიშით მოხმარდება მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას მხოლოდ და მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, რომ მსგავსი ტიპის ცოდნა გავაზიაროთ და შემდეგ უკვე მომავალი გვანახებს როგორ განვითარდება თანამშრომლობა“, - განმარტა სს „არდი დაზღვევის“, გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ.
„ძალიან საინტერესო ფორუმი იყო. როგორც მოგეხსენებათ ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი საყოველთაო დაზღვევას, რომელიც სრულად ფარავს ჩვენი მოქალაქეების პირველად მოთხოვნას. იყო საუბარი ახალ გეგმებზე, გამოწვევებზე, რაც არის სექტორში. მოვისმინეთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის პოზიცია და საბოლოო ჯამში მსგავსი დისკუსიები ძალიან ეხმარება სექტორის გაუმჯობესებას და დახვეწას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
„ეკონომიკურ ფორუმზე მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რომელიც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით. სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იყო საკითხი დაყენებული, რომ ჩვენი ხედვით სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზების“, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია იყო მიხეილ სარჯველაძის ჩართულობით კერძო, სახელმწიფო, ანალიტიკურ სექტორს შორის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. ბატონმა მინისტრმა ძალიან ღიად დააფიქსირა მისი მუდმივი მზაობა კერძო, საჯარო სექტორის დიალოგის გაძლიერებასთან დაკავშირებით. მინისტრის მხრიდან გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, ისევე როგორც კერძო სექტორის მხრიდან, რომელიც არის გარკვეული ტიპის გამოწვევა, მაგრამ სახელმწიფო და კერძო სექტორის მოსაზრებები განვითარებასთან დაკავშირებით არის სრულ თანხვედრაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორს, მათ შორის სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში აქვს ძალიან სწორი პოლიტიკა, რაც მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულებაა და დღეს რა კითხვებიც შეიძლება არსებობდეს თუ როგორ უნდა განვითარდეს სექტორი მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე პასუხი არის შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერება, რაც დაფიქსირებულია სახელმწიფო სექტორის მხრიდან. ამ შემთხვევაში ბატონი მინისტრის მზაობა, ისევე როგორც დისკუსიაში მონაწილე საქართველოს პარლამენტის წევრების მზაობა არის ძალიან ღიად დაფიქსირებული“, - განაცხადა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.15:00
ჩვენი მიზანია, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს, ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხუროთ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის დინამიური ზრდა გაგრძელდება,
„პირველი კვარტლის მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9,3%-ით გაიზარდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სსფ, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მათი საშუალო მოლოდინები 6%-ს შეადგენს. თუმცა პირველ კვარტალში ჩვენ ამ მოლოდინებს გადავაჭარბეთ და უკეთესი შედეგი დავდეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, შიდა ეკონომიკური სტრუქტურა ძალიან ჯანსაღია. არსებობს უფრო მეტი რეზერვები იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს, როგორც ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე საკრედიტო რესურსის თვალსაზრისით. და ის ფაქტი, რომ სებ-მა 8%-ზე დატოვა საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს, რომ ის დინამიური ზრდა ეკონომიკის გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ჩვენი მიზანი არის, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს ან ორნიშნა რიცხვით დავხუროთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წლის პროგნოზს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა.
„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.
გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება.
მზარდი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, იმსჯელა მაღალინფლაციური რისკების სცენარზეც, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი ძირითადად ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.