ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა
პირველი ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ეკონომიკური ფორუმის ფორმატი ყოველთვის ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებთან ერთად გვეძლევა საშუალება ეკონომიკის აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. ასევე, დისკუსიებში აქტიურად ჩართულია ძალიან ჩვენი კერძო სექტორი და ბიზნეს საზოგადოება და აქედან გამომდინარე ყველა მსჯელობა, ყველა თემატურ საკითხზე არის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. ასევე, დღესაც ფორუმი ეხებოდა საინვესტიციო კლიმატს, საინვესტიციო გარემოს, როგორც უცხოურ ინვესტიციებს, ისე ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
“ძალიან კარგი ეკონომიკური ფორუმი იყო და ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა ბიზნეს სექტორთან. ვისაუბრეთ სხვადასხვა ინიციატივებზე, მათ შორის იმაზე თუ პარლამენტის მხრიდან რა საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და ამ მიმართულებით მზად ვართ, რომ საკანონმდებლო დონეზე განვიხილოთ რიგი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში. საკანონმდებლო ნაწილში მზად ვართ, რომ საგადასახადო შეღავათებიც კი შევთავაზოთ ბიზნესს, იმისთვის, რომ შეძლონ წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება, მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის საწარმოო ბაზის განვითარებას და გაძლიერებას“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.
„დღევანდელი ეკონომიკური ფორუმი ისე როგორც ადრინდელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ხდება აზრების გაცვლა და ჩვენ ბევრ ახალს ვისმენთ. ამ შემთხვევაში ვისმენთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, პირველი ვიცე პრემიერისგან, თუ რას გეგმავს მთავრობა იმ ეკონომიკური ტემპების შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ტრანსპორტს და ლოგისტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ მიმართულებითაც ბევრი გეგმა არსებობს, როგორც ანაკლიის ნავსადგურთან დაკავშირებით, საერთოდ ჩვენი დერეფნის და ამ დერეფანში საქართველოს წვლილის და მისი აქტიური ფუნქციის შესასრულებლად. ასევე, არსებობს გამოწვევებიც. დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სავაჭრო ომებიდან შესაბამისად. ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას ჩვენზეც მოახდენს და ჩვენ ამისათვის უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
„მე-18 ეკონომიკურ ფორუმზე შედგა საკმაოდ საინტერესო დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისევე როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერიკაშვილი ძალიან ღიად საუბრობდნენ ბიზნესთან დაკავშირებულ ძალიან აქტუალურ საკითხებზე. ჩვენს ფორუმზე კიდევ ერთხელ ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა ბიზნესთან ღია დიალოგისათვის. იმავდროულად პირველი ვიცე-პრემიერის მხრიდან განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს როლს, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, საქართველოს შეფასებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. მათ შორის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საინვესტიციო გეგმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ძალიან დეტალურად მიმოიხილა ის პოტენციური პროექტები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება საქართველოში და მაღალ ზრდას უზრუნველყოფს. საინტერესო იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის აქცენტები, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ჯამში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება ან დახვეწა, იმისთვის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო იყოს უფრო მეტად მიმზიდველი და უზრუნველყოს უფრო მდგრადი და მაღალი ეკონომიკური ზრდა. რასაც პროგნოზირებენ კიდეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
ვინ არის პასუხისმგებელი უცხოური საიტებიდან გამოწერისას - ირაკლი ლექვინაძის განმარტება გადამზიდავების როლზე
16.03.2026.13:00
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვას 2022 წლიდან ახორციელებს, თუმცა ბოლო წლები მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე ონლაინ ვაჭრობის დინამიურ განვითარებას, რომელსაც ბუნებრივად ახლავს მომხმარებელთა პრეტენზიების მატება. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებების დაახლოებით 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ წყდება, აღნიშნული გარემოება კი უწყების მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს აქტიური ჩართულობის შედეგად, მომხმარებლები წლიურ ჭრილში, ჯამურად, ერთ მილიონ ლარამდე ფინანსურ სარგებელს იღებენ. ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს უწყების ეფექტიანობასა და მის როლს მოქალაქეთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში.
„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უკვე 2022 წლიდან აღასრულებს ამ ფუნქციას, რასაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჰქვია. ბოლო წელი გამორჩეულია იმით, რომ თითქმის გაორმაგებულია მაჩვენებელი მომხმარებელთა მომართვიანობის. ეს ერთის მხრივ უკავშირდება იმას, რომ ცნობიერება უფრო გაზრდილია და უფრო მეტმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. მეორე არის ის, რომ ზოგადად ვაჭრობის სფერო და ონლაინ ვაჭრობის სფერო საკმაოდ დინამიურად მზარდია და ზრდასთან ერთად ბუნებრივია იზრდება ის საკითხები რაც შეიძლება გარკვეულ პრობლემატიკას თუ მომხმარებლის პრეტენზიას უკავშირდებოდეს მოვაჭრის მიმართ. მე ვფიქრობ ასევე ჩვენი გადაწყვეტილებების უმრავლესობა, დაახლოებით 90% წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ და თვითონ მომხმარებელი ჰყვება შემდგომ თავის წრეში იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ჰქონდა ჩვენს უწყებასთან და ესეც ვფიქრობ რომ ერთგვარი ნდობის ზრდის შედეგიც არის, იმიტომ რომ ალტერნატივა თუ აქვს მოვაჭრესთან, ერთი ალტერნატივა არის რომ მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც აქვს შეზღუდული ვადა საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების, და მეორე ალტერნატივა არის სასამართლო, რომელიც ხარჯიანია და ასევე გრძელდება საკმაოდ ბევრად უფრო მეტხანს ვიდრე მაგალითად ჩვენთან საკითხის განხილვა.
ჩვენთან ყოველგვარი საზღაურის გარეშე, უდანახარჯოდ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს ნომერზე -1520 და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და განაცხადის წარმოდგენის შემდგომ უკვე ჩვენი თანამშრომლები ერთვებიან საკითხის მოგვარებაში. დაახლოებით წლიურად 1 მილიონ ლარამდეა ის თანხა, რომელსაც მომხმარებელი იბრუნებს ჩვენი ჩართულობის შედეგად. ხშირ შემთხვევაში ეს თანხები ერთეულ შემთხვევაში დიდი არ არის, შეიძლება იყოს 150 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი, ყოფილა 50 ლარიანი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად პრინციპის საკითხია უბრალოდ რომ მომხმარებელმა საკუთარი უფლება დაიცვას. თუმცა ზოგჯერ მასშტაბი ერთ მოვაჭრესთან მიმართებაში იმხელაა, რომ ის ბევრი 50 და ბევრი 150 ლარია, ამიტომ ჯამში ამ ციფრზე გავდივართ და დაახლოებით 65% მოდის ონლაინ ვაჭრობაზე, იმიტომ რომ ეს სფერო დინამიურად მზარდია და პლუს განსხვავებით ფიზიკური ვაჭრობისგან მომხმარებელს ეს პირადი შეხება ნივთთან არ აქვს და როცა იღებს ნივთს მერე აქვს იმ მახასიათებლებთან შედარების საშუალება რაზეც თავიდან ჰქონდა სურვილი რომ ის მიეღო როგორც სასურველი ნივთი. ძირითადად არის ტექნიკა და ტანსაცმელი, რაც ამ ონლაინ ვაჭრობის ნაწილშიც და ფიზიკური ვაჭრობის ნაწილშიც ხვდება. და ბოლო პერიოდში გაზრდილია მიწოდების სერვისები“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ირაკლი ლეკვინაძის განმარტებით, ონლაინ შეძენების პროცესში პრობლემები განსაკუთრებით მაშინ წარმოიქმნება, როცა ნივთი უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან იგზავნება. ასეთ შემთხვევაში მთავარ პასუხისმგებლობას პორტალი და მისი ქვეყნის კანონმდებლობა განაპირობებს, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში ადგილობრივი კომპანიის ჩარევა, ნივთის დაკარგვა, დაზიანება ან ხარვეზით მიწოდება ხშირად წარმოადგენს მომხმარებლის პრეტენზიების მთავარ მიზეზს. მისი თქმით, მიწოდების სერვისების დინამიური ზრდასთან ერთად ასეთი პრობლემატიკაც უფრო აქტუალური ხდება.
„თუ მაგალითად უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან ხდება ნივთის გამოწერა, უკვე ის გვერდია პასუხისმგებელი და იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ის გვერდია რეგისტრირებული, თუმცა ტრანსპორტირებისას თუ მას ადგილობრივი კომპანია ემსახურება - ეს ნაწილია უკვე ჩვენი ყურადღების საგანია, იმიტომ რომ ნივთი ზოგჯერ იკარგება, ზოგჯერ ზიანდება, ზოგჯერ გარკვეული ხარვეზით ჩამოდის, რომელიც გადამზიდავის პრობლემაა და ეს სფერო ასევე თავის დინამიურ ზრდასთან ერთად ეს პრობლემატიკაც მზარდია ბოლო პერიოდში“, - ამბობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.