ეკონომიკურ ფორუმზე ვისაუბრეთ პარლამენტის მხრიდან რა საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა - შოთა ბერეკაშვილი
“ძალიან კარგი ეკონომიკური ფორუმი იყო და ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა ბიზნეს სექტორთან“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიის შემდეგ, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, საკანონმდებლო დონეზე გაკეთდება ყველაფერი, რათა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ვისაუბრეთ სხვადასხვა ინიციატივებზე, მათ შორის იმაზე თუ პარლამენტის მხრიდან რა საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და ამ მიმართულებით მზად ვართ, რომ საკანონმდებლო დონეზე განვიხილოთ რიგი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში. საკანონმდებლო ნაწილში მზად ვართ, რომ საგადასახადო შეღავათებიც კი შევთავაზოთ ბიზნესს, იმისთვის, რომ შეძლონ წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება, მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის საწარმოო ბაზის განვითარებას და გაძლიერებას“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა დღეს ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
სომხეთსა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რასაც ძირითადად AI-სა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები განაპირობებდა | World Bank
06.10.2026.17:22
სომხეთსა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რასაც ძირითადად AI-სა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები განაპირობებდა, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
ენერგორესურსებზე მაღალი ფასების, მომატებული გაურკვევლობისა და სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ექსპანსიის ფონზე, ეკონომიკური ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2026 წელს, სავარაუდოდ, 2.2%-მდე შენელდება 2025 წლის 2.6 %-იანი ზრდის შემდეგ, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, სამუშაო ადგილებს, ფირმებსა და პროდუქტიულობას ეხება.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება საყოველთაო ხასიათისაა და რეგიონის ქვეყნების უმეტესობის სუსტ მაჩვენებლებს ასახავს. რუსეთის გამოკლებით, რომელზეც რეგიონის წარმოების დაახლოებით 40 პროცენტი მოდის, მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლების 3%-მდე შემცირება 2026 წელს 2025 წელს არსებული 3.7%-დან. გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე გაჩენილმა შეფერხებებმა გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდები.
„რეგიონის განვითარებადი ქვეყნები კვლავაც იჩენენ მედეგობას, რაც განპირობებულია ენერგომოხმარების შემცირებული ინტენსივობით,, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებითა და მაღალი შიდა მოთხოვნით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიცდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: „პროდუქტიულობის ასამაღლებლად და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის კლების დასაბალანსებლად ქვეყნებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი გამოიყენონ საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ამ ტექნოლოგიური ცვლილებისთვის შრომის ბაზრისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციების მოსამზადებლად“.
შრომის ბაზარზე ხელსაყრელმა პირობებმა, რეალური ხელფასების, ფულადი გზავნილების, ტურისტების რაოდენობისა და სახელმწიფო ინვესტიციების მატებამ ეკონომიკური ზრდა წაახალისა. სახელმწიფოს მხრიდან დროებითმა მხარდამჭერმა ღონისძიებებმა ნაწილობრივ შეაკავა ენერგორესურსების მაღალი ფასების ზემოქმედება შინამეურნეობებსა და ფირმებზე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამის გამო ფისკალური წნეხი უფრო მეტად გაიზარდა.
ცენტრალური აზია ყველაზე სწრაფად მზარდ ქვერეგიონად რჩება და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2026 წლის შეფასებით, 5.8%-ით მოიმატებს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში ზრდის მაჩვენებელი პროგნოზის მიხედვით 9.6% იქნება, ხოლო უზბეკეთში 7.9%. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2026 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3.1%-მდე მატება 2025 წელს არსებული 2.6%-თან შედარებით, პოლონეთი კი გამორჩეულად ინარჩუნებს ცენტრალურ ევროპაში ზრდის მაღალ მაჩვენებელს 3.6%-ის დონეზე. ამავდროულად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ექსპორტის შეფერხების ფონზე, უკრაინაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1.2%-მდე შენელება .
ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება.
ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამოყოფილ სპეციალურ თავში, ანგარიში მიუთითებს, რომ ის უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე რეგიონს ამჟამად შეუძლია მისი ათვისება. ყოველი ხუთი დასაქმებულიდან ერთი, ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა კადრი, მუშაობს ისეთ პოზიციაზე, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა შესაძლებელი. ამჟამად ათი ფირმიდან ერთზე ნაკლები იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ისიც უმეტესწილად მარტივი ამოცანების შესასრულებლად.
რეგიონს ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად ბევრი წინაპირობა აქვს, მათ შორის, თითქმის უნივერსალური მობილური დაფარვის, ენერგორესურსების ხელსაყრელი ღირებულებისა და ძლიერი ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანების გამო. თუმცა, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ხელს უშლის საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების, ინტეგრირებული და თავსებადი მონაცემებისა და გამოთვლითი სიმძლავრეების ნაკლებობა.
„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ადაპტაციისა და ინოვაციის წარმმართველი ძალა, მის გამოსაყენებლად შრომითი რესურსების მომზადება პოლიტიკის შემმუშავებლებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ დაძლიონ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდა. მომდევნო ათწლეულში ძირითადი რისკი, სავარაუდოდ, იქნება ხელოვნური ინტელექტის არასაკმარისი დანერგვა და ადაპტაცია რეგიონის მასშტაბით და არა გადამეტებული გამოყენება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.
არსებული დარგების ეფექტიანობის ამაღლების გარდა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი პროდუქტების, სერვისების, პროფესიებისა და დარგების შექმნის ხელშეწყობა. ამის რეალობად ქცევის ორი მთავარი წინაპირობა არსებობს: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და კერძო კაპიტალის გაცილებით დიდი შემოდინება. მთავრობებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ასეთი ნაკადების სტიმულირებას გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით, რითაც, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეიქმნება გამოთვლითი სიმძლავრეების ექსპორტის შესაძლებლობები.