ეკონომიკურ ფორუმზე პირველი ვიცე-პრემიერისგან მოვისმინეთ, რას გეგმავს მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად - ჯემალ ინაიშვილი
ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიას დადებით შეფასებას აძლევს ბიზნესი. როგორც ფორუმში ერთ-ერთმა მონაწილემ „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს რა გეგმები აქვს მთავრობას ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად.
„დღევანდელი ეკონომიკური ფორუმი ისე როგორც ადრინდელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ხდება აზრების გაცვლა და ჩვენ ბევრ ახალს ვისმენთ. ამ შემთხვევაში ვისმენთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, პირველი ვიცე პრემიერისგან, თუ რას გეგმავს მთავრობა იმ ეკონომიკური ტემპების შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ტრანსპორტს და ლოგისტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ მიმართულებითაც ბევრი გეგმა არსებობს, როგორც ანაკლიის ნავსადგურთან დაკავშირებით, საერთოდ ჩვენი დერეფნის და ამ დერეფანში საქართველოს წვლილის და მისი აქტიური ფუნქციის შესასრულებლად. ასევე, არსებობს გამოწვევებიც. დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სავაჭრო ომებიდან შესაბამისად. ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას ჩვენზეც მოახდენს და ჩვენ ამისათვის უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა დღეს ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო - TBC Capital
20.11.2026.19:00
სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება.
სექტემბრის მკვეთრი კლების შემდეგ, ოქტომბერში უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებების მაჩვენებელი გაუმჯობესდა და წლის საშუალო დონეს დაუბრუნდა. თუმცა ფაქტორები, რომლებიც სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბეს განაპირობებს, ბოლო თვეებში გარკვეულწილად შესუსტდა: ექსპორტის ზრდა შენელდა, იმპორტის ზრდა დაჩქარდა, ფულად გზავნილებზე უარყოფითად აისახა გადარიცხვების ერთ-ერთი მსხვილი რუსული სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ხოლო ტურიზმში, ოქტომბრამდე ძლიერი ზრდის შემდეგ, შენელების ნიშნები გამოჩნდა. ამ ფონზე, სებ-ის სავალუტო შესყიდვები, ჩვენი შეფასებით, საგრძნობლად შემცირდა, აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსი კი 2.59–2.60-ის ფარგლებში დასტაბილურდა.
მნიშვნელოვანია, რომ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება. ასეთ პირობებში შემოდინებების კლება უფრო მეტად სებ-ის მიერ რეზერვებისთვის შესასყიდი უცხოური ვალუტის მოცულობას ამცირებს, ვიდრე უშუალოდ ლარის გაცვლით კურსზე ქმნის ზეწოლას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად გამყარდა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა, ლარი სტაბილური დარჩა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერატიული მონაცემები, რომელთაც მიმდინარე მდგომარეობის რეალურ დროში შესაფასებლად ვიყენებთ, საგარეო ნაკადების სრულ სურათს ვერ ასახავს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული მოგების გარეშე, რომელიც წლის პირველ ნახევარში ძირითადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა გააუმჯობესა, მესამე კვარტალშიც დადებითი დარჩა. თუმცა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანიფინანსური ნაკადებია, რომელთა შესახებ ოპერატიული მონაცემები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო. უახლესი დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რეინვესტიციის გამორიცხვით, დაახლოებით მშპ-ის 0.5% იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 0.7-0.8%-ს შეადგენდა.
უშუალოდ კომპონენტების დინამიკის კუთხით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წლიური ზრდა იანვარ-აგვისტოს 22%-დან სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 5%-მდე შენელდა, იმპორტის ზრდა კი 9%-დან დაახლოებით 15%-მდე დაჩქარდა. ექსპორტის შენელების დიდი ნაწილი ავტომობილების რე-ექსპორტის კლებას და ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება: სპილენძის მადნების ექსპორტი სექტემბერში შეჩერდა (ოქტომბერში განახლდა), გასული წლის სექტემბერში კი ნახატებისა და თვითმფრინავების ერთჯერადი ექსპორტი დაფიქსირდა. თუმცა ზრდა სხვა პროდუქტებზეც, ძირითადად სურსათსა და სასმელებზე, შენელდა. ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ავტომობილების იმპორტის შემცირებამ თითქმის სრულად დააბალანსა, იმპორტის დაჩქარება კი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანამ განაპირობა. მართალია, ნედლი ნავთობის იმპორტი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან ერთად იზრდება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ნავთობისა და საწვავის იმპორტზე ხარჯი ორჯერ მეტით გაიზარდა, ვიდრე ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, გასული წლის ძლიერი ნოემბრის გამო, მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.
სავაჭრო ბალანსზე მოქმედი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო პირობები - ექსპორტის ფასების ფარდობა იმპორტის ფასებთან - კვლავ გაუარესდა. თუკი წლის დასაწყისში საექსპორტო საქონლის ფასები იმპორტის ფასებზე მეტად იყო გაზრდილი, ძირითადად ლითონების გაძვირების ხარჯზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ნავთობის მკვეთრი გაძვირების გამო, ეს პოზიტიური ეფექტი მიილია. საყურადღებოა, რომ ნოემბერში ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე საგრძნობლად შემცირდა, ხოლო საქართველოშიც საწვავის ფასებმა მცირედით უკვე იკლო. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პირობებზე წმინდა ეფექტი დადებითი იქნება.
ამასთან, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ბოლო კვირების მონაცემები გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შესაფასებლად გამოიყენება, სექტემბრის პიკთან შედარებით 2.5%-ით დაბალია. საპირისპიროდ, რეზიდენტების ხარჯვა კვლავ იზრდება.
ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. კლების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გზავნილებზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში გადმორიცხვები დროებით შეწყდა. სხვა სისტემებითრუსეთიდან გადმორიცხული თანხა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა და 11.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს სანქციებამდე არსებული თანხის მხოლოდ მეოთხედია. ნოემბრის შუა რიცხვებში Zolotaya Korona-მ საქართველოში გადარიცხვები განაახლა, რაც მომდევნო თვეებში გზავნილების აღდგენას შეუწყობს ხელს, თუმცა აღდგენის ნაწილი შესაძლოა სხვა არხებიდან დაბრუნებულ თანხებსაც ასახავდეს.
იანვარ-სექტემბერში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ოქტომბრის ბოლოს კი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ 8.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის ნორმის 130%-ია. საგარეო შემოდინებების ბალანსის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შესყიდვები სექტემბრის დონესთან ახლოს იქნება.
რაც შეეხება ლარის პერსპექტივას, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე კვლავ ლარის მხარდამჭერია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად. აგრეთვე, ჩვენი შეფასებით, ლარი კვლავ იმაზე სუსტია, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები მოიაზრებს, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გლობალურად გამყარება და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შენელება ლარის გამყარებისთვის უარყოფითი ფაქტორებია. ამასთან, შესყიდვების დღევანდელი ტემპით რეზერვების სასურველ დონემდე შევსებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.
საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებისა და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობებისფონზე, მაღალია ალბათობა, რომ დეკემბერში სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-დან 8.5%-მდე გაზრდის. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ფაქტორია. საბოლოოდ, სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.58 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ წინა თვეებში ტენდენციები უფრო ძლიერი ლარისკენ იხრებოდა, ამჟამად დინამიკა მეტად დაბალანსებულია.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007781-macro-update-georgia