ეკონომიკის სამინისტროში აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარება განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს (USTDA) რეგიონულ დირექტორს შუა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და ევრაზიაში კარლ კრესს შეხვდნენ და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე, მისი განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, აგრეთვე ამ პროცესში ამერიკული სააგენტოს მიერ ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ შუა დერეფნის განვითარება და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სატრანზიტო სქემებში ინტეგრირება მთავრობის პრიორიტეტია. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ისეთი რეგიონული ინიციატივების განვითარების მნიშვნელობას, როგორიცაა CAREC (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა), TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფანი), ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი და სხვ.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედება გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბის განვითარებას. ასე პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის დასრულება, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის სრულად ამოქმედება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სხვ. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდიან საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, აქცენტი გაკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარს დააკავშირებს.
აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება იმ პროექტების მიმართ, რომლებიც მიმართულია შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაზე. ხაზი გაესვა იმ საჭიროებების გამოვლენას და მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ამ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე ამ პროცესში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.
აღინიშნა, რომ საქართველოს გარდა, სააგენტოს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მოიცავს სამხრეთ კავკასიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის, აგრეთვე ბოსნია - ჰერცეგოვინაში არსებული შესაძლებლობების შესწავლას, რომლებიც მიმართული იქნება სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი, ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, აგრეთვე USTDA – ის თურქეთის ოფისისა და საქართველოში აშშ - ის საელჩოს წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
Eagle Hills Georgia-ს მსგავს პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5%-ით გაზარდოს - მოჰამედ ალაბარი
13.01.2026.20:31
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.
„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება.
ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე.
ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.
„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.
„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნეს სუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით.
აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.