ეკონომიკის განვითარების კორპორაცია უფრო საინტერესო, რთულ, მიზნობრივ და ეფექტურ ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე იქმნება. მისი თქმით, ეს კორპორაცია უფრო მიზნობრივ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს.
მინისტრის მოადგილის თქმით, კორპორაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი იქნება, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში, რომელიც იგეგმება ან განხორციელების ეტაპზეა.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში კორპორაციამ უნდა შეძლოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
„საქართველოს მთავრობის გაცხადებული ამოცანაა კერძო სექტორი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტული ინსტრუმენტებითა და პროგრამებით, რასაც წარმატებით ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სერიოზული პროგნოზები. კონსოლიდაცია იმ რესურსების რასაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე განვითარების კორპორაციის შექმნა არის ძალიან ბუნებრივი განვითარება ამ ინსტიტუტის და ეს განვითარება გავლილი აქვს ყველა ანალოგიურ ინსტიტუტს დასავლურ ქვეყნებში. ეს პროცესი არის ძალიან ბუნებრივი, როდესაც სააგენტო თავისი გაფართოებული მანდატით ხდება უკვე განვითარების კორპორაცია და უფრო რთულ, მიზნობრივ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს იმ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ხელშესაწყობად, რაც მიზნად გვაქვს დასახული. როგორც იცით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, აქ საუბარია კერძო სექტორისთვის გარდა საბანკო რესურსისა ალტერნატიული კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ვავითარებთ მთელ რიგ მიმართულებებს, როგორიცაა საინვესტიციო წილობრივი მონაწილეობის ფონდების მხარდაჭერა; კორპორაციული ბონდების გამოშვება; სულ ახლახან დამტკიცდა ფაქტორინგის შესახებ კანონი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც ახალი კორპორაცია ამ სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს; გვექნება ახალი მიმართულებები სინდიცირებული და კონვერტირებადი სესხების მიმართულებებით და სახელმწიფოს პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, რომელსაც უკვე აქვს ადგილი - მაგალითად გვაქვს ძალიან წარმატებული საინვესტიციო პროექტი „იგლ ჰილსის“ სახით, სადაც სახელმწიფო, როგორც პარტნიორი მონაწილეობს და ძალიან დიდია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან მათ შორის მსხვილ პროექტებში. ამიტომ, კორპორაციას ექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში, რომელიც იგეგმება ან განხორციელების ეტაპზეა.
ყველა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც დღემდე „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, უწყვეტად გაგრძელდება და შესაბამისად საბიუჯეტო რესურსი უზრუნველყოფილი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში მოვემზადებით, რომ კორპორაციამ შეძლოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე
10.04.2026.15:31
„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.