Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით, დაახლოებით 500 მილიონს ველოდებით წელიწადში, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება - ირაკლი კობახიძე
Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, მაქსიმალური 10 წელიწადი, სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ეს დამოკიდებული, თავად კომპანიის ინტერესშია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს ეს პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს ერთობლივი კომპანიის საბჭო, რომელშიც ქართული მხარეც არის წარმოდგენილი თავისი წევრებით.
„ქართული მხარე კომპანიაში არის წარმოდგენილი დირექტორის მოადგილით, ანუ ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომელიც ჩაიდო ამ ხელშეკრულებაში. დივიდენდის გაცემას რაც შეეხება, რაც არის სტანდარტული პრაქტიკა, იმ პრაქტიკას გავყვებით და ერთობლივად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თავად დივიდენდი პირველი წელს არ გაიცემა ხოლმე, შეიძლება, არც მეორე წელს გაიცეს. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ დივიდენდი არის შედარებით მცირე ნაწილი იმ მოგებისა, რომელსაც პროექტიდან მიიღებს სახელმწიფო. ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით. დაახლოებით 500 მილიონი არის, რასაც ველოდებით გადასახადების სახით, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება, მაშინვე მიიღებს სახელმწიფო ამ შენატანს გადასახადების სახით და საშუალოდ ეს იქნება 500 მილიონი წელიწადში. ეს 2 მილიარდი, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის დამატებითი მოგება, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო. კომპანია Eagle Hills-სთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილების თაობაზე, მათ შორის ათვლის წერტილის თაობაზე. ორივე მხარეს თანაბრად გვაინტერესებს, რაც შეიძლება მალე წამოვიღოთ დივიდენდი და მეორე, ისე არ წამოვიღოთ ის დივიდენდი, რომ პროექტს მივაყენოთ რაიმე ზიანი. აქ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორივე მხარის ჩართულობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ყველაფერი ცხადი და ნათელია, სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო ამ პროექტიდან, მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის - პრემიერი Eagle Hills-ის პროექტზე
26.11.2025.14:44
ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს EAGLE HILLS-ის პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს აღნიშნული პროექტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს და მის ხელმძღვანელობას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემოდის კომპანია EAGLE HILLS თანხებით და როგორ ნაწილდება ეს 6.6 მლრდ აშშ დოლარი. სწორედ, ეს არის არსებითად კომპანიის საქმე. სამი ძირითადი წყაროა - ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, რასაც დებს უშუალოდ კომპანია, მეორე - ეს არის კომერციული სესხები, რომელსაც იზიდავს, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ეს არის ე.წ. „პრი სეილები", წინასწარი გაყიდვები, აქედანაც შემოდის თანხები, სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ხდება ამ 6.6 მლრდ დოლარის აკუმულირება, თუმცა ეს არსებითად კომპანიის საქმეა.
ჩვენთვის მთავარი რა არის - დივიდენდი არის დათვლილი, ჩვენი წილი არის 33.3%, ვიცით, რომ ველოდებით 2 მლრდ ლარის მოგებას ამ ყველაფრიდან, ვიცით, რამდენს ველოდებით გადასახადების სახით და ეს ქმნის მთლიანად ამ პროექტის ეკონომიკას.
ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს ამ პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს ამ პროექტიდან. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც ჩვენ შეგვეძლო დივიდენდის, თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი და ნათელია. სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.