ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ინვესტორი ჩამოსცილდება სათამაშო მოედანს - მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი ენერგეტიკულ პროექტებზე ეკონომიკის სამინისტროს ახალ მიდგომაზე
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორში კეთილსინდისიერი ინვესტორები არსებობენ, თუმცა დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის აუცილებელია მკაცრი და პრინციპული რეგულაციები. როგორც გიორგი მარგებაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ დანერგილი ჯარიმებისა და სანქციების ახალი მექანიზმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან წლების განმავლობაში ვადაგადაცილებები პრაქტიკულად დაუსჯელი რჩებოდა, რაც პროექტების განხორციელებას აფერხებდა.
„კეთილსინდისიერი ინვესტორები ნამდვილად არსებობენ ქვეყანაში - ჩვენი თანამემამულე ინვესტორები. რაც შეეხება განვითარებას და როგორი მიდგომა უნდა იყოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის მიდგომა, რომელიც დღეს სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას და ახალ გუნდს აქვს. ვგულისხმობ ჯარიმების და სანქციების მიმართ პრინციპულ მიდგომაა, რომელიც დღეს დაინერგა და ინერგება და მომავალშიც იმედი მაქვს ასე იქნება. ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით, რომ ენერგეტიკაში ინვესტორი მიჩვეული იყო ვადაგადაცილებებზე არ ჯარიმდებოდნენ, სანქციები არ მოქმედებდა და ყველა მიჩვეული იყო“, - განმარტავს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი.
გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებზე წარსულში არსებული პრაქტიკა პრობლემებს ქმნიდა - მდინარეებისა და ჰესების პროექტების „დაჯავშნის“ შემდეგ, ინვესტორები ხშირად ვერ ახერხებდნენ ფინანსური რესურსების მოძიებას.
„მაგალითისთვის განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ხეობაში მდინარის რესურსი და ქვესადგურში მიერთების სიმძლავრეები დაჯავშნილია ისეთი სუბიექტის მიერ, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ფინანსები და ვერ პოულობს ინვესტორს. ამ დროს, გვერდზე ხეობაში მყოფი კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც უკვე ასრულებს კვლევებს და მზად არის პროექტის განსახორციელებლად, ქსელის მფლობელისგან იგებს, რომ ქვესადგურში თავისუფალი ადგილი აღარ არის.
ერთი მხრივ, ფერხდებოდა პროექტებისთვის შერჩეული ლოკაციების ათვისება, მეორე მხრივ კი, ხდებოდა ქვესადგურებში სიმძლავრეების ხელოვნური დაჯავშნა, რაც სისტემისთვის დიდ ბარიერს წარმოადგენდა“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისივე განმარტებით, სამინისტროს ახალი, გამკაცრებული მიდგომა სანქციების მიმართ სრულიად მართებულია. სისტემა ითვალისწინებს ეტაპობრივ სანქციებს ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც საბოლოოდ ლიცენზიის ან უფლების ჩამორთმევას გულისხმობს. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ბაზრის ეფექტურ გაფილტვრას და განასხვავებს კეთილსინდისიერ ინვესტორებს იმ პირებისგან, რომელთაც რეალური პროექტების განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ.
„კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ახალი მიდგომა სამინისტროს მხრიდან ასევე იქნება - კვლევის სტადიიდან სამშენებლო სტადიაზე სანამ გადავა კომპანია მანამდე უკვე უნდა ჰქონდეს გაფორმებული ქსელთან, ეს იქნება ენერგოპრო თუ სსე, დაერთების ხელშეკრულება.
სერიოზული თანხებია - მეგავატზე ვიცით, რომ ენერგოპროსთან 300 ათასი ლარია გადასახდელი 2 მეგავატზე ზემოთ თუ ხარ და შესაბამისად ამ ხელშეკრულების ხელმოწერით უკვე ვალდებულება გიჩნდება, რომ დამატებით პირობითად 5 მეგავატიანს თუ აკეთებ 1,5 მლნ ლარი გაქვს უკვე გადასახდელი და ამითიც ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ინვესტორი ჩამსოცილდება სათამაშო მოედანს. ამიტომ სწორი და კარგი მიდგომა არის ნამდვილად“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა
14.04.2026.19:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა.