დღეს არსებული მდგომარეობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარება აქტიურ ფაზაშია შესული - თამარ იოსელიანი
დღეს არსებული მდგომარეობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარება აქტიურ ფაზაშია შესული, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და დაკავშირებადობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი დაკავშირებადობის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.
„როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში ლიდერ ბელგიურ საზღვაო სამშენებლო კომპანია „იან დე ნულთან“ 2024 წლის აგვისტოში გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება ანაკლიაშია წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. დასასრულს უახლოვდება სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ ტალღმტეხელის მშენებლობა.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევაზე და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროცესიც მალე დასრულდება.
ვადებს რაც შეეხება, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ნავსადგური 2029 წლისთვის შეძლებს პირველი გემის მიღებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მშენებლობისა და ოპერირების ეტაპზე შეიქმნება ათასობით პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილი.
„ამასთანავე, ნავსადგური გახდება ძლიერი ინვესტიციური მაგნიტი, რადგან ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გარშემო ვითარდება მრავალი დამხმარე სექტორი — ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დაზღვევა, საბანკო მომსახურება, გადაზიდვის ტექნოლოგიები, რაც დამატებით ღირებულებას შექმნის ქვეყნისთვის, როგორც შემოსავლების გაზრდის ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ასევე შეიქმნება შესაბამისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც. აღნიშნული კი გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და გააუმჯობესებს ქვეყნის ფინანსურ ბალანსს და ლარის სტაბილურობას.
რაც მნიშვნელოვანია ასევე, უნდა ვახსენოთ, რომ ნავსადგური განთავსებულია სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ ბალანს და გაზრდის მაღალ ტექნოლოგიურ სფეროებში მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელს, აღნიშნული კი ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების ქვაკუთხედია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
9 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 190 მლნ დოლარის ემოსავალი მიიღო
24.10.2025.17:00
2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ღვინოების ექსპორტმა 189 867.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 64 369 982 ლიტრი ღვინო გადაიზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73 641 655 ლიტრი. შესაბამისად ღვინის ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ქვეყანა რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:
2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 276 025.2 ათასი დოლარის ღირებულების 94 671 941 ლიტრი ღვინო გაყიდა.