ComCom-მა GSMA-ის ფორუმზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების ინიციატივა წარადგინა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ტაშკენტში გამართულ მობილური კომუნიკაციების ასოციაციის (GSMA) ღონისძიებაში სახელწოდებით „M360 ევრაზიის ფორუმი 2025", რომლის ფარგლებშიც ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციის აკადემიის (UKTA) მიერ ორგანიზებულ ვორკშოპს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის თემაზე.
GSMA-ის ევრაზიის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომელიც მობილური ინვესტიციების წახალისებას შეეხებოდა, ComCom-ის წევრმა წარადგინა პრეზენტაცია და ხაზი გაუსვა საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების თვალსაზრისით ComCom-ის მიერ გაწეულ ძალისხმევას, ასევე, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციისა თუ კონკურენციის გაძლიერების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებს: „კომუნიკაციების კომისიის მიზანია, იყოს არა მხოლოდ მარეგულირებელი ორგანო, არამედ ციფრული ტრანსფორმაციის ხელშემწყობი და ფასილიტატორი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მობილური ინვესტიციების წარმატებული მომავალი ეფუძნება თანამშრომლობას - სახელმწიფოს, ინდუსტრიის და საზოგადოების აქტიური ჩართულობით. ამასთან, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს უნდა უწყობდეს არა მხოლოდ ეკონომიკურ წინსვლას, არამედ საზოგადოების ჩართულობასა და გაძლიერებას." - განაცხადა მან.
GSMA-ის ევრაზიის ფორუმი ასევე ეთმობოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტისა და 5G ტექნოლოგიების განვითარება; რეგიონში ინოვაციების, ეკონომიკური პოტენციალისა და ინვესტიციების წახალისება; ასევე, ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და ციფრული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საჭირო ჩარჩოს შექმნა.
ღონისძიებას 100-მდე ქვეყნიდან 3500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა და ციფრული პოლიტიკის შემქმნელებს, მარეგულირებლებსა თუ ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
13.04.2026.14:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.
ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.