ჩვენი პოლიტიკური ხედვაა, რომ ადგილების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმას, რაც წინა წლებში 31 ათასი სტუდენტის ჩარიცხვას ეხებოდა - განათლების მინისტრი
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, რეფორმის თვალსაზრისით სწორედ 2026 წელს არის მნიშვნელოვანი ეტაპები განსახორციელებელი.
„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე რეფორმისთვის და განსაკუთრებით უმაღლესის ნაწილში. იმიტომ, რომ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, პირველი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, რომლითაც ჩვენ თითქმის 80% მიმართულებებში გადავდივართ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე. ასევე შემოგვაქვს სამაგისტრო სტანდარტული 1 წლიანი, ხოლო ვისაც უნდათ მესამე საფეხურზე, ანუ რაც დოქტორანტურაში გააგრძელონ სწავლა კიდევ დამატებით ერთ წლიანი. იმიტომ, რომ მინიმუმ 120 კრედიტის მოთხოვნა არის. თავდაპირველად იყო 3+1 მოდელზე საუბარი, შემდგომში როდესაც დისკუსიების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ 1 წლის დამატება გვჭირდება იმისთვის, რომ ის სტანდარტი დავაკმაყოფილოთ რაც აუცილებელია, რომ მესამე საფეხურის სასწავლო პროცესისთვის იყოს უზრუნველყოფა და შესაბამისი კრედიტების, რა თქმა უნდა ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და იმ დოკუმენტში აისახა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მივყვებოდით პროცესს, მთელი 2-3 კვირის განმავლობაში სამინისტროში ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროგრამები, ყველა ის მიმართულებები, საერთაშორისო ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამები და ასე შემდეგ, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს აქვს, ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის განზოგადება და შეჯერება და იანვრის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენილი კონკრეტული სურათი, იმისა თუ რომელ უნივერსიტეტში, რა ფუნქციური მიმართულება გადანაწილდეს. თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრინციპი ამ რეფორმის ფარგლებში „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“. ეს ხარისხის ამაღლების და კონცენტრაციის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთანავე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენი ჩართულობითა და ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრის კვლევა, თუ რა პროფესიების მიმართულებით, რა რაოდენობის სპეციალისტების მოთხოვნილება არის ბაზარზე. დეკემბრის ბოლოს ამ კვლევის პირველადი სურათი უკვე გამოკვეთილი იყო და ახლა უკვე მიმდინარეობს ამ კვლევის საბოლოო სახის მიცემა, რომელსაც ჩვენ ამ თვის ბოლომდე შევაჯერებთ და ამ კვლევიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ბაზრის მოთხოვნილებაზე, პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს და მუდმივად, ყოველწლიურ რეჟიმში ამ საკითხს ვიკვლევდით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მოთხოვნებზე გავდივართ და სწორედ ამას მივაბათ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მიცემული დაკვეთა. შესაბამისად ჩვენ გვექნება წარდგენა მთავრობისათვის თუ რომელი მიმართულებით, რა რაოდენობის ადგილებზეა საუბარი. თუმცა ჩვენი პოლიტიკური ხედვაა არის, რომ ამ ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს და არ უნდა იყოს განსხვავებული იმისა, რაც წინა წლებში 31 ათასი სტუდენტის ჩარიცხვას ეხებოდა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ, რომ ეს პროპორციები სწორედ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე გადანაწილდეს და ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლო, განსაკუთრებით თებერვლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან აქტიური, როდესაც ჩვენ დამატებითი ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ პარლამენტში, როდესაც ჩვენ მთავრობას წარვუდგენთ კონკრეტულ ხედვებს, რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს, რისი მიღების და დამტკიცების შემდეგაც კონკრეტულ აქტიურ ფაზაში გადავალთ, რომ მიმდინარე 2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია ამ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები ამ წელს არის განსახორციელებელი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
2025 წლის IV კვარტალში 8 336 მართვის მოწმობა გაიცა
18.02.2026.11:00
2025 წელს შესაბამისი უწყების მიერ 29 684 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, რომლის 28%-იც გასული წლის მეოთხე კვარტალზე მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში 8 336 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, მესამე კვარტალში 7 939 ერთეული მართვის მოწმობა, მეორე კვარტალში - 7 261 ერთეული მართვის მოწმობა, ხოლო პირველ კვარტალში 6 148 ერთეული.
მეოთხეზე კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების მფლობელთა ასაკი 16 წლიდან იწყება და 68 წელს აღწევს. უფრო კონკრეტულად იმ პირთა შორის, ვინც მეოთხე კვარტალში მართვის მოწმობები მიიღო 3 პირი 68 წლისაა.
კატეგორია "AM"
მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;
მოპედი: ორ-ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს.
მსუბუქი კვადროციკლი: ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს.
კატეგორია "A"
მოტოციკლი;
კატეგორია "B"
ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1” ქვეკატეგორიას ან „A” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, არ აღემატება 8-ს. აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;
კატეგორია "C"
ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
კატეგორია "D"
ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;
კატეგორია "BE"
"B" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;
კატეგორია "CE"
"C"კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
კატეგორია "DE"
"D" კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
კატეგორია "T"
სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
კატეგორია "S"
საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
"A,B,C,CE,D,DE"- კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ქვეკატეგორია "A1"
მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
ქვეკატეგორია "A2"
მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს;
ქვეკატეგორია "B1"
მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
ქვეკატეგორია "C1"
ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ქვეკატეგორია "D1"
მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ქვეკატეგორია "C1E"
„C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
ქვეკატეგორია "D1E"
„D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.