ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებსა და ამოცანებზე, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ილაპარაკა. მანვე დააფიქსირა პოზიცია ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ და აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა.
„ჩვენი ახლანდელი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ვიყოთ ძალიან ქმედითები, მოქნილები, გამჭვირვალე და ღია, რათა ყველა, მათ შორის კი უპირველესად ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს. ამ კუთხით, დღეს გვაქვს გამოკვეთილი ხედვები, მათ შორის, ხაზს გავუსვამ რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ენერგეტიკულ უწყებებში მასობრივი ოპტიმიზაცია და მათი გაჯანსაღება, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაცია. შედეგად, დაზოგილი სახელმწიფო რესურსები მიიმართება იმ პროექტებზე, რომლებიც გააძლიერებს სექტორს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ვადაგადაცილებული მემორანდუმების და ხელშეკრულებების საკითხს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრის და რეალური ინვესტორებისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს.
„ჩვენი გუნდის, მთავრობის სახელით გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო იქნება მთლიანად ენერგეტიკის სექტორის, სწორი პროექტების გამორჩეული მხარდამჭერი. ერთად უნდა უზრუნველვყოთ მათი განვითარება, რაც ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზაა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ შიდა გენერაციის ზრდაზე, ასევე ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის გაძლიერებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა დღეს ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა - მისი მოადგილე ინგა ფხალაძე და ენერგეტიკული უწყებების ახალი ხელმძღვანელები.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე.
სხვა სიახლეები
05.09.2025.17:48
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზესტაფონში შპს „ჯორჯია მეტალის" - ახალი მეტალურგიული ქარხნის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილ მეტალურგიული საწარმო მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საწარმო ნათელი მაგალითია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის, რაც გულისხმობს კერძო ინიციატივების ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მეტალურგიულ საწარმოში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ინვესტიცია 80 მლნ ლარს შეადგენს, წლიური წარმადობა კი 400 ათას ტონა სამშენებლო მასალას გადააჭარბებს.
„სწორედ ეს არის ის მოცულობა, რომელიც დაემატება ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარს და რომლითაც შემცირდება ქვეყანაში იმპორტის საჭიროება. გადამამუშავებელ მრეწველობას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. მიმდინარე პერიოდში სექტორი 200 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 15%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკა, ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით განაგრძობს აღნიშნული გზით აქტიურ მუშაობას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველო გლობალურადაა გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით - საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მოლოდინებს იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც.
„ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე, როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც ფუნდამენტური წინაპირობაა ადამიანზე, მეწარმესა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თითოეული მოქალაქის, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.