ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული პროექტები რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში, რათა ქვეყანამ შეამციროს ენერგოიმპორტზე დამოკიდებულება და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით გახდეს სრულად თვითკმარი - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის ახალი მიდგომები განიხილა. მინისტრმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების საჭიროებებსა და მათი განხორციელების პროცესში სახელმწიფოს როლზე გაამახვილა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და იმ ინსტრუმენტების გააქტიურებაზე, რომელიც მსხვილი და კომპლექსური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ მომდევნო წლის დასაწყისში სექტორს, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც არის და იქნება მნიშვნელოვანი ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, წარმოვუდგინოთ სახელმწიფოს პოზიცია, თუ როგორ შეძლებს ის, გვერდში დაუდგეს ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განსხავებული მიდგომით მხარდაჭერას, რაც შეიძლება, სხვადასხვა ინსტრუმენტებში აისახოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სექტორის ინტეგრაციას არსებულ პროგრამებში, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში" გეგმავს.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ინიციატივები ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს: ჯარიმების პატიებაზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყებას ინვესტორებთან ურთიერთობაში, კვოტების მკაფიო დაგეგმვას, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციების ჩარჩოს განსაზღვრას და მსხვილი პროექტებისთვის მხარდაჭერის მექანიზმების შექმნას.
„ჩვენი სამინისტროს მთავარი მიზანია, ენერგეტიკული პროექტები რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში, რათა ქვეყანამ შეამციროს ენერგოიმპორტზე დამოკიდებულება და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით გახდეს სრულად თვითკმარი ", – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მშპ-თან ისტორიულად ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა და მშპ-ს 3.3%-ს შეადგენს
30.12.2025.15:37
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც. რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა.
კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე. მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში. ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.