ჩვენი მიზანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობაა - მარიამ ქვრივიშვილი
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, დარგში მიმდინარე რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.
„ჩვენი მიზანია, განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრით, მათ შორის ქარისა და მზის ენერგეტიკული პროექტებით, უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ჰიდროენერგეტიკულ ბაზასთან ერთად, საქართველო განახლებადი ენერგიის რეგიონული ცენტრი გახდეს" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგიის შენახვის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოცხადებულია ტენდერები 200 მგვტ/სთ-ზე გათვლილი ბატარეის პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც გააუმჯობესებს სისტემის საიმედოობას და მოქნილობას. ამავდროულად, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აშენებს ევროპული სტანდარტების ახალ გადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს, რომლებიც გააძლიერებს ქსელის საიმედოობას და ხელს შეუწყობს ახალი განახლებადი სიმძლავრის ეფექტურ ინტეგრაციას. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტთან, რაც აქტიურად ხორციელდება.
მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
11.12.2025.14:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.
ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.