ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა - ლევან დავითაშვილი
„მოგეხსენებათ, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა ინსტიტუცია, ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, ყველა სამინისტრო და სააგენტო", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევრონიუსთან საუბარში.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის დღის წესრიგს, რომელიც საკმაოდ ფართოა. „ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60% შევასრულეთ. აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკაში და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვა. ეს არის პრიორიტეტული დღის წესრიგი, რომელიც კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული DCFTA-ის განხორციელებასა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სრულად ვართ მიმართული ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ ამ რეფორმების და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება - ვახტანგ ცინცაძე
09.04.2026.12:55
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად
„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გააქტიურება, ასევე ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეების, არამედ ზოგადად, ეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026-27 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.