ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა - ირაკლი კობახიძე
ანაკლიის საქმე თავისი შინაარსით იყო ძალიან მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები და განეხორციელებინათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონსორციუმისთვის ინვესტორების მოზიდვის გასამარტივებლად, ანაკლიის პროექტზე ჩანაწერი კონსტიტუციაშიც კი შევიდა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი ვალდებულებების შესრულების ვადები არაერთხელ გადაუვადდათ.
„შეგახსენებთ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით სწორედ იმის გამო, რომ კონსორციუმს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა. სახელმწიფომ რამდენჯერმე, არაერთგზის გადაუვადა ვალდებულების შესრულება. სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა რა თქმა უნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა. შეგახსენებთ, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია ამ საქმის წაგება და სახელმწიფო ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელია. რაც მთავარია, ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამისთვის უკვე შეჯერებულია შეთანხმება ჩინურ კომპანიასთან. უკვე შერჩეულია შესაბამისი კომპანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს. მათ შორის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახელმწიფო იტოვებს წილის 51%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს
10.03.2026.17:49
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას, მცხეთაში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმის, მორატორიუმის, ეფექტიანობისა და სივრცითი განვითარების საკითხებს შეაფასებენ.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა უძღვებოდნენ, მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური თემატიკა, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს.
ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.