ჩინური კომპანია Goldwind გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში მონაწილეობს - ელჩი
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს და უფრო მაღალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.
ელჩმა განაცხადა, რომ გოლდვინდი (Goldwind) მონაწილეობს გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინურ და ქართულ საწარმოებს შორის თანამშრომლობა თანდათან გაფართოვდა ტრადიციული ინფრასტრუქტურიდან კომპლექტურ მოწყობილობებსა და მაღალტექნოლოგიურ დარგებამდე. გოლდვინდი (Goldwind) მონაწილეობს გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში. CRRC მონაწილეობს თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტში“, - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.
მისი განმარტებით, გასულ წელს ჩინურმა გოლდვინდის საერთაშორისო კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს ქალაქ გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ტენდერში, რომლის საერთო სიმძლავრე 206 მეგავატია და მოიცავს 33 ქარის ტურბინის გენერატორის მიწოდებას, მონტაჟს, 15-წლიან ექსპლუატაციასა და მომსახურებას.
„საქართველოს ეროვნული ათწლიანი ენერგეტიკის განვითარების გეგმის თანახმად, 2034 წლისთვის დაგეგმილია 217 ჰიდროელექტროსადგურის, 25 ქარის ელექტროსადგურის და 3 თბოელექტროსადგურის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. მჯერა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მეტი ჩინური კომპანია ჩადებს ინვესტიციას“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
სხვა სიახლეები
ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას - ელჩი
20.01.2026.18:14
ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი. მისი თქმით, ამით ქართული ბიზნესებს მეტი დაფინანსების მოზიდვის საშუალებაც ეძლევათ.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების სექტორში თანამშრომლობა შედარებით ადრე დაიწყო. 2012 წელს ჩინეთის სინძიანგის ხუალინგ ჯგუფმა შეიძინა ქართული „ბაზისბანკი“, რომელიც საქართველოში უკვე სიდიდით მეოთხე ბანკია და მრავალი დარგობრივი ჯილდოც მოიპოვა. 2025 წლის მარტში, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ქალბატონი ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა და ჩინეთის სახალხო ბანკთან პირველ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია. ამჟამად მსოფლიო განიცდის ისეთ დიდ ცვლილებებს, როგორიც საუკუნეა არ ყოფილა, გლობალური ეკონომიკის კომპლექსურობა და გაურკვევლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას, ქართული ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის მოიზიდოს მეტი დაფინანსება და გააძლიეროს საქართველოს უნარი, გაუძლოს გარე ფინანსურ რისკებს და გაიუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მდგრადობა. ჩვენ მოუთმენლად ველით ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სფეროში უფრო მეტი შედეგის მიღწევას“, - აღნიშნა ელჩმა.