BK Construction-ი ზესტაფონის პროფესიულ სასწავლებელში თანადაფინანსებით არის წარმოდგენილი - მინისტრი
პროფესიონალი კადრების მომზადება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიზნით საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე ბევრი ცვლილებაც განხორციელდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ მთავრობამ ბიზნესს პროცესებში მაქსიმალურად ინტეგრირება შესთავაზა და ამ თანამშრომლობის წარმატებული ქეისებიც უკვე სახეზეა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მთავრობა განსაკუთრებით მუდმივ კომუნიკაციაშია ბიზნესთან. ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, და როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მუდმივ კომუნიკაციაშიც, მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები კონკრეტულ პროფესიებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, მთლიანად მთავრობის, მთავრობის მეთაურის მხრიდან და, შესაბამისად, ჩვენი სამინისტროს კონტექსტშიც, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას პროფესიული განათლების განვითარება წარმოადგენს.
ბოლო წლების განმავლობაში მივიღეთ შესაბამისი ცვლილებები, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, და მინდა გითხრათ, რომ ეს კომპონენტი განსაკუთრებულ პრიორიტეტში გვყავს აყვანილი.
აქვე გეტყვით ციფრებს, თუ, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ პროფესიული სასწავლებლის დამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ს შეადგენდა, 2024 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 79%-ზე მეტია. არის კოლეჯები, სადაც პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა თითქმის 100%-იანი დასაქმება ფიქსირდება.
რა გამოიწვია ეს და რატომ გვაქვს ეს შედეგები? ეს გამოიწვია ორმა ფაქტორმა:
პირველი - ის სასწავლო პროგრამები, რომელსაც პროფესიული სასწავლებლები სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს, დაფუძნებულია ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებზე, რაც განისაზღვრება რეგულარული ბაზრის კვლევებით. ანუ რა პროფესიების საჭიროება არსებობს, ამას მუდმივად ვიკვლევთ. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ეკონომიკის სამინისტროც, და მათგან მიღებული ინფორმაცია ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი სპეციფიკა, აქაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, და ეს პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მეორე მომენტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი: ჩვენ კერძო სექტორს, ბიზნესს, ვაჩვენეთ, რომ ეს პროცესი ვერ იქნება განყენებულად მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მართული. ამიტომ შევთავაზეთ მათ მაქსიმალურად ინტეგრირებულიყვნენ ამ პროცესში - შემოვიდნენ პროპორციული წილით ამ აქტივობებში და რეალურად იმ კადრების გადამზადებაზე ვიყოთ ორიენტირებული, რომელიც ბიზნესისთვის საჭიროა. შესაბამისად ამ პროფესიული სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი უნდა ავტომატურად დასაქმდნენ შესაბამის ბიზნეს მიმართულებებზე“, - აღნიშნა მინისტრმა
გივი მიქანაძეს ბიზნესისა და საჯარო სექტორის ერთობლივი მუშაობის წარმატებული მაგალითიც მოჰყავს და მიაჩნია, რომ ინიციატივამ გაამართლა.
„ორიოდე დღის წინ ვიმყოფებოდი ზესტაფონში, სადაც მდებარეობს პროფესიული სასწავლებელი „კონსტრუქტორი“. ამ პროფესიულ სასწავლებელში თანადაფინანსებით არის წარმოდგენილი კომპანია BK Construction, რომელიც ძირითადად სამშენებლო სექტორის მიმართულებით კადრების აღზრდასა და განვითარებას ხელს უწყობს. მინდა გითხრათ, რომ თითქმის 100%-იანი დასაქმება აქვს ყველა იმ კადრს, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულებით მზადდება ამ სექტორში. ამიტომ ჩვენთვის ეს მიმართულებები პრიორიტეტულია.
უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრთან ერთად გავხსნით ორ ახალ პროფესიულ სასწავლებელს. ერთი ბოლნისის პროფესიული კოლეჯია, ხოლო მეორე ბორჯომის პროფესიული კოლეჯი, რომელიც უკვე შემდეგი წლიდან აქტიურად დაიტვირთება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმ პროფესიებისა და უნარების გაღრმავების თვალსაზრისით, რაც საჭიროა კონკრეტული დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რათა მათი დასაქმება იყოს კონკურენტუნარიანი.
ამიტომ, ამ კუთხით, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესთან. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები და ამ მიმართულებით მარტო ქვეყნის შიგნით არ ვმუშაობთ - გვყავს უცხოელი პარტნიორებიც. გარკვეული მეთოდოლოგიების მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით პროცესებს კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ და ვხვეწთ.
აქედან გამომდინარე, ეს მიმართულება პრიორიტეტად რჩება. ამას მოწმობს ისიც, რომ შარშან უკვე საპილოტედ დავიწყეთ სკოლებში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება, რაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ორი წლის განმავლობაში გაიარონ პროფესიული გადამზადება და სკოლის დამთავრებასთან ერთად, ატესტატთან ერთად, მიიღონ კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი. მათ უკვე შეეძლებათ, დარეგისტრირდნენ ინდმეწარმედ, დააფუძნონ საკუთარი შპს და თავიანთ საქმიანობას შეუდგნენ,“ - განმარტავს განათლების მინისტრი.
მისივე თქმით, ხელისუფლება და სამინისტრო ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მომზადებისთვის კიდევ უფრო მეტ ინვესტირებას და აქტივობას განახორციელებს.
„მინდა გითხრათ, რომ კერძო სასწავლებლების განვითარების კუთხითაც უცხოელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან და მალე გვექნება ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი კომპანიის ინვესტირება საქართველოში - სწორედ პროფესიული სასწავლებლების განვითარების და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მიმართულებით,“ - ამბობს მინისტრი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.15:11
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ს საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე მიულოცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ მენეჯმენტს და თანამშრომლებს საქართველოს საავიაციო სექტორის გაძლიერებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ავიაციის ინდუსტრიას, სამოქალაქო ავიაციას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ დღეს ამაყები ვართ, რადგან ერთად ვუყურებთ ავიაციის ინდუსტრიის, სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას. ეს კი ერთობლივი ძალისხმევით, სწორი სტრატეგიით, ხედვით, სამოქმედო გეგმით და მისი ერთობლივი აღსრულებით შევძელით. ჩვენი თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორების ძალიან კარგი და წარმატებული მაგალითია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში პირველად, დღესდღეობით 120- ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით 70-ზე მეტი საერთაშორისი ავიაკომპანია ოპერირებს, რაც დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიის შედეგია და უკვე ასახულია მგზავრთნაკადის და პირდაპირი ფრენების მონაცემებში, მათ შორის ევროპის მიმართულებებით. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულებული 120-ზე მეტი მიმართულებიდან, დაახლოებით 37 პროცენტი მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ევროპის მიმართულებით სრულდება.
„ევროპის ქვეყნები გამორჩეული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, უშუალოდ ტურიზმის, ისევე როგორც პირდაპირი რეისების მოზიდვის კუთხით. სწორედ ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის ხელშესახები შედეგი. ერთად შევძელით და გასული წლის ბოლოს საქართველოში შემოვიყვანეთ ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი" და „იზიჯეტი". ამით ქვეყანას შევმატეთ ახალი, მდგრადი, სტაბილურად და საკმაოდ სწრაფად მზარდი პირდაპირი მიმართულებები, რომლებიც აგენერირებს დამატებით მსყიდველუნარიან ტურისტულ ნაკადებს. ეს შემდგომში, პირდაპირპროპორციულად ისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში - როგორც აეროპორტში, ისე აეროპორტს გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზრდის ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა დაფუძნებულია სწორ მარკეტინგულ კამპანიებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეს კომპლექსურად ჩატარებული სამუშაო 2024 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებულ 4,4 მილიარდ აშშ დოლარის რეკორდულ შემოსავალში აისახა.
„მიმდინარე წელი ასევე განსაკუთრებით წარმატებულია - რეკორდულია შემოსავლები ტურიზმიდან, ასევე რეკორდულია ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა. 2025 წელს მგზავრთნაკადის მონაცემებმა უკვე რეკორდულ 5,6 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ტრანსპორტის სექტორის განვითარებას ემსახურება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსის, ავიაციის სექტორის, TAV Airports-ისა და Groupe ADP-ის წარმომადგენლებმა.