ბირჟის გახსნის შემდეგ აუცილებლად დაწესდება დღე-ღამის ტარიფები - ეს სისტემა შესამუშავებელი გვაქვს l მაია მელიქიძე
ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით, საქართველო განახლებადი ენერგიის გენერაციის მნიშვნელოვანი ზრდას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიის პირველი ფაზა დაახლოებით 4 000 მეგავატის ახალი დადგმული სიმძლავრის დამატებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულებისას, 2036 წლისთვის, ქვეყნის საერთო დადგმულმა სიმძლავრემ 11 500 მეგავატს უნდა მიაღწიოს.
აღნიშნულ თემებზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროსა და სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზეც შედგა.
„რამოდენიმე მიმართულებით ვისაუბრეთ. პირველი იყო თავად სტრატეგიის წარმოდგენა, რომელსაც სექტორი ითხოვდა, და ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ორ ფაზად დაიყოფა. პირველი ფაზა ითვალისწინებს დაახლოებით 4 000 მეგავატის დამატებას ჩვენს უკვე არსებული 4 600 მეგავატის სიმძლავრეზე. საბოლოო ჯამში, მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, 2036 წლისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს 11 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე, რათა ორი მნიშვნელოვანი პროექტით ვისარგებლოთ და ექსპორტიორ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ. ერთი ეს გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, მეორე - მწვანე ენერგიის დერეფანი. ეს ორი გადამწყვეტი და კრიტიკული პროცესია.
ორი საკითხი მინდა გავამახვილო: ექსპორტი და ენერგიის ბალანსი. ჩვენი საექსპორტო ბაზარი ყოველთვის იყო თურქეთი და მიმზიდველი, რადგან ფასები, პანდემიის პერიოდში, 22 დოლარ-ცენტამდე იყო, შემდეგ 6, 8 დოლარ-ცენტამდე, ხოლო დღეს - 4 დოლარ-ცენტამდე შემცირდა. მიზეზი მარტივია: თურქეთმა ააშენა ატომური ელექტროსადგური და უზარმაზარი ჰიდროელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი. ჩვენც ვგეგმავთ პროექტებს ხუდონზე. თუმცა ფაქტია, თურქეთი ნელ-ნელა ხდება თვითკმარი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იქნება პერიოდი, როდესაც ელექტროენერგიას ექსპორტზე გავიტანთ, მაგრამ აუცილებელია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.
ამასთანავე, პრიორიტეტი ენიჭება ჰიდროენერგეტიკას, რაც სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. შემდეგი პრიორიტეტები უნდა იყოს ქარი და მზე, რომლებიც თანაბარწონად უნდა განთავსდეს, რადგან ქარს თავისი დატვირთვა აქვს ზამთარში, ხოლო მზეს - ზაფხულში. როგორც სექტორის წარმომადგენელი, მინდა მოვითხოვო, რომ გვქონდეს სთორიჯები, ანუ დამაგროვებლები, როგორც ჰესებისთვის, ასევე მზის ელექტროსადგურებისთვის. ეს აუცილებელია, რადგან ბირჟის გახსნის შემდეგ დაგეგმილია დღე-ღამის და დღის შიგნით ტარიფების დანერგვა. სისტემა ჯერ კიდევ შესამუშავებელია, თუმცა გვაქვს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გადავიტანოთ და მოვარგოთ ჩვენს რეალობას.
ამიტომ ვთვლი, რომ ქარისა და მზის სიმძლავრეები თანაბარწონად უნდა განაწილდეს, პარიტეტი უნდა განსაზღვრული იყოს და სტრატეგია სწორად ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე
10.04.2026.15:31
„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.