ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ ახლა ვიწყებთ ზაფხულის სეზონს და ვცდილობთ საქართველოში ახალი ტურისტები მოვიზიდოთ - Turkish Airlines-ის წარმომადგენელი
თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზრით კმაყოფილია და რამდენიმე დღეში თბილისის მიმართულებით სიხშირეების გაზრდასაც გეგმავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში Turkish Airlines-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქენან ინჯემ განაცხადა, ზაფხულის სეზონზე სიხშირეების დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებითაც იგეგმება. მისივე თქმით, ბაზარზე მოთხოვნა იზრდება.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ სეზონით, რადგან გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვზრდიდით ჩვენს რეისებს. ჩვენ რეისები 14%-ით გავზარდეთ და იმედია, ამ კვირის ბოლომდე თბილისის განრიგს კიდევ ორ რეისს დავამატებთ. მომდევნო თვიდან ბათუმის მიმართულებით კიდევ სამ რეისს დავამატებთ. ჯამში, Turkish Airlines-ის ფარგლებში გვექნება 48 რეისი და დამატებით 7 RJ რეისი (რეგიონალური ავიაკომპანიის მიერ შესრულებული რეისი, რომელიც პატარა ზომის ავიახომალდით სრულდება). 55 რეისით ამ სეზონზე საქართველოში 900 000-ზე მეტი ადამიანის გადაყვანას შევძლებთ.
ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ცხადია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ზაფხულის სეზონს და ვცდილობთ საქართველოში ახალი კლიენტები, ახალი ტურისტები მოვიზიდოთ.
გასულ წელს საქართველოში ტურისტები 121 ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ და იმედია, ამ რიცხვს და ჩვენს წვლილს საქართველოს ეკონომიკაში გავზრდით“, - განაცხადა ქენან ინჯემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯიასა” და სამოქალაქო ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები, ავიაკომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მათ შორის, ხაზი გაესვა რა ქვეყანაში ტურიზმის მნიშვნელობას, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მიმართული იქნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველოს შესახებ პირველი პოზიტიური შთაბეჭდილების შექმნაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მზადებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მილიონ-ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს. ასევე ითქვა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის, ავიარეისები შესრულდება 60 სამგზავრო ავიაკომპანიის მიერ, 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით, რაც დაახლოებით 5-6%-ით მეტი იქნება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.21:50
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების დაგვიანების გამო მგზავრთა საერთო უკმაყოფილების შესამცირებლად, ეკონომიკისა და შს სამინისტროებმა, საქართველოს აეროპორტების ჩართულობით, ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და იმ მგზავრების გამო, რომელსაც სახელმწიფოში შესვლის უფლება არ მიეცათ ავიარეისების შეყოვნება აღარ მოხდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Voyager-ის ("ვოიაჟერი") დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანესი იყო თავად საავიაციო ბიზნესისთვის, რადგანაც ამ გზით კომპანიებს ხარჯები აღარ გაეზრდებათ.
„გადაწყვეტილებას ძალიან დადებითად ვაფასებ, რადგანაც ბევრი პრობლემა მოგვიგვარდა ყველას. წლების განმავლობაში დიდი პრობლემები იყო იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ რეისზე ასეთი ბევრი მგზავრი შეიძლება ყოფილიყო, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ქვეყანაში ვერ შემოდიოდნენ. ამიტომ საზღვრის დეპარტამენტს უწევდა, რომ ეს მგზავრები უკან გაებრუნებინა. შესაბამისად ვიდრე ეს ყველაფერი მგზავრთან მიმართებაში არ გაირკვეოდა, ის იგივე ბორტით უნდა დაბრუნებულიყო უკან. ამას კი სჭირდებოდა გარკვეული დრო. აქედან გამომდინარე ეს იწვევდა რეისების დაგვიანებას, რაც ავიაკომპანიებისთვის არის უდიდესი პრობლემა. იცით, რომ თითოეული ავიაკომპანია და ბორტი გაწერილი გრაფიკით ოპერირებს და საქართველოდან დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ, მისი გადამისამართება ხდება სხვა რეისებზე, რაც მთლიანობაში ავიაკომპანიას არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად უქმნიდა პრობლემას.
ავიაკომპანიების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე საუბრები დიდი ხანია დაწყებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით და ასევე საზღვრის დაცვის სამსახურის მონაწილეობით მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება და ეს მგზავრები, რომელსაც საქართველოში არ შემოუშვებენ რამდენიმე საათს, ან დღეს გაატარებენ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში, მომდევნო რეისამდე. გადაწყვეტილება ძალიან კარგია ბიზნესისთვის, ავიაკომპანიებისთვის, რადგანაც რეისები აღარ დაიგვიანებს და ავიაკომპანიის მხრიდანაც უკმაყოფილება ჩვენი საზღვრის, თუ ქვეყნის მიმართ აღარ იქნება“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Voyager-ი ავიაკომპანიების flydubai-ს, Gulf Air-ის, Jazeera Airways-ის, Flynas-ის და Indigo-ს გენერალური დისტრიბუტორია საქართველოში.