ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად შევიმუშავეთ რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი გათბობის სისტემების მონტაჟს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, რაც უფრო ეკონომიურია, ვიდრე ინდივიდუალური სისტემები - დავით ნარმანია
საცხოვრებელ კორპუსებში გათბობის ერთიანი სისტემების დანერგვა მოსახლეობისთვის ხარჯების დაზოგვისა და კომუნალური დისკომფორტის აღმოფხვრის ახალ შესაძლებლობად იქცევა. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრალიზებული გათბობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური ქვაბების გამოყენება, რადგან ის ამცირებს როგორც გაზის მოხმარების საფასურს, ისე სისტემის ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეულ პრობლემებს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დავით ნარმანიამ აღნიშნა, რამდენიმე დეველოპერულ კომპანიასთან ერთად დანერგილი საპილოტე პროექტის შედეგად დადასტურდა, რომ ერთიანი სისტემა არა მხოლოდ ამცირებს მოსახლეობის ყოველთვიურ დანახარჯებს, არამედ მნიშვნელოვნად ზოგავს სისტემის მომსახურებასთან დაკავშირებულ რესურსებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სიახლეა. ჩვენ რამდენიმე დეველოპერ კომპანიასთან გავმართეთ შეხვედრა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად შევიმუშავეთ რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ერთიანი გათბობის სისტემების მონტაჟს უზრუნველყოფს. დღეს ყველა კორპუსში ყველა მოსახლეს ცალ-ცალკე აქვს გათბობის ქვაბი ჩამოკიდებული, ცალ-ცალკე შედის ყველგან გაზი. რამდენი ქვაბი ფუჭდება, ხელოსნის გამოძახება დისკომფორტით, თავის ხარჯებით - ანუ უფრო დიდი თავსატკივარია ცალ-ცალკე ქვაბები და ცალ-ცალკე გათბობის სისტემა ვიდრე ერთიანი გათბობის სისტემის ორგანიზება ამხანაგობის მიერ.
ამიტომაც დეველოპერები, რომლებიც თავიანთ აშენებულ კორპუსებში მართავენ ამ კომუნალური სერვისების მიწოდების საკითხებს, მათთვის განსაკუთრებით ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და კომფორტული. ზოგავს ხარჯებს, ანუ ვიდრე ინდივიდუალურად ყველა გადაიხდიდა გაზის გათბობაზე ხარჯს, იმაზე უფრო ნაკლები გამოდის. მეორე - დისკომფორტი, რაც მის სისტემების გაფუჭებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ უფრო მეტი სარგებელი აქვს ამ სისტემას ვიდრე მის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯებია. აქედან გამომდინარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში ეს უკვე დაინერგა და უფრო მეტი ჩვენ ვფიქრობთ რომ ამის პოპულარიზაცია გავაკეთოთ და უფრო მეტი ამხანაგობა და უფრო მეტი დეველოპერი დაინტერესდეს ამ საკითხით“, - აცხადებს დავით ნარმანია.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, ეს არ არის სავალდებულო ნორმა, მაგრამ მარეგულირებელი ნაწილი არის აბსოლუტურად კარგად გაწერილი და არის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
სემეკის მიერ მიღებული ახალი რეგულაციის საფუძველზე, მრავალბინიან სახლებში წარმატებით მიმდინარეობს და რამდენიმე მრავალბინიან საცხოვრებელს სახლში უკვე დასრულდა საერთო ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობა და საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრისთვის ჭკვიანი თბური მრიცხველების მოწყობა. შედეგად, ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობიდან ხდება საყოფაცხოვრებო წილის გამოყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებულ ბუნებრივი გაზის მოცულობაზე დარიცხულ გადასახადს.
შეგახსენებთ, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სემეკის მიერ ცვლილებები განხორციელდა ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“.
ახალი რეგულაციით ფაქტობრივად აღმოიფხვრა ის ხელშემშლელი ეკონომიკური გარემოება, რაც აფერხებდა ქვეყანაში გათბობის დარგის განვითარებას, მრავალბინიან სახლებში ცენტრალიზებული გათბობის სისტემების მიმართულებით.
ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული (ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა), საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც გამოყენებულ იქნება საყოფაცხოვრებო მიზნით. შედეგად, ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება ამ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის შესაბამისად. საყოფაცხოვრებო მოხმარების წილის გამოსაყვანად და საყოფაცხოვრებო მოხმარების წილზე საყოფაცხოვრებო ტარიფის გამოყენების შესაძლებლობის მისაღებად აუცილებელია:
1) ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით;
2) გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ცენტრალური გათბობის სისტემა გაზთან ერთად მოიხმარდეს ენერგიის განახლებად ან/და ალტერნატიულ წყაროს (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება: ა) 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე; და ბ) იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდა 2025 წლამდე);
აღნიშნული შესაძლებელი გახდა ამ დარგის ტექნოლოგიური განვითარებით (ჭკვიანი მრიცხველების და მონაცემთა მართვის თანამედროვე შესაძლებლობებით), რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე გადასახადს და ზრდის მრავალბინიან სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის მსურველთა რაოდენობას.
პრაქტიკაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ინერგება თანამედროვე გათბობის სისტემები და ეს დარგი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. ამასთან, დარგის განვითარება წარმოუდგენელია გათბობის სისტემებში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის გარეშე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას მომხმარებლებისთვის, სისტემების ოპერატორებისათვის და ზოგადად ქვეყნისათვის შეამცირონ ენერგიის მოხმარება, შეამცირონ დამოკიდებულება გარე ენერგეტიკულ რესურსებზე და უზრუნველყონ სითბური აირების ემისიის შემცირება. განახლებადი ენერგიის (მაგ: მზის ენერგიის) გამოყენება ცენტრალური გათბობის სისტემაში ბუნებრივი გაზის მოხმარების წლიურად დაახლოვებით 70%-ით შემცირების, ხოლო ზაფხულის პერიოდში - ცხელი წყლით მოხმარებისთვის ბუნებრივი გაზის გამოყენების სრულად ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით, მზის კოლექტორები განსაკუთრებით პერსპექტიულია მრავალბინიანი კორპუსებისთვის, რადგან სახურავის აუთვისებელი ფართობის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს;
ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ეს არის მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც მომხმარებლისთვის გათბობისა და/ან ცხელი წყლის მომსახურების მიწოდება ხორციელდება უსაფრთხოდ და ორგანიზებულად. ცენტრალური გათბობის სისტემას ინდივიდუალური გათბობის სისტემებთან შედარებით აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა
26.02.2026.13:00
2026 წლის პირველი თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 5 946.3 ათასი დოლარის ღირებულების 1 039.5 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 1 309.7 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 21%-ით არის შემცირებული.
იანვრის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 39%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა: