ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება
ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.
დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.
ყინულის სასახლეს დაემატა მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
11.12.2025.14:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.
ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.