ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს - ირაკლი ნადარეიშვილი
ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბოლო ორი თვეა აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ინდუსტრიის ჩართულობით ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს მოკლე ვადაში წარედგინება განსახილველად“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, დეტალები დამუშავებულია, არის კარგი სამუშაო დრაფტი.
„ორ-სამ კვირაში ოფიციალური ვერსია წარედგინება მთავრობას და შემდეგ მთავრობა წარუდგენს პარლამენტს. შემდეგ უკვე დეტალებზე შევძლებთ საუბარს. ვფიქრობ, ამ კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხი წელია ელოდება.
საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო 1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
14.04.2026.09:43
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
13.04.2026.14:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.
ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.