ავიაკომპანია Condor-ის მიერ კვირაში 7 სიხშირით თბილისი - ფრანკფურტის რეისის შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და ტურისტული ნაკადების ზრდას - თამარ იოსელიანი
„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია შემოდის საქართველოს საავიაციო ბაზარზე - ავიაკომპანია Condor-ი კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის მიმართულებით. გერმანია და ზოგადად, ევროპული მიმართულებები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ვმუშაობთ მათი განვითარების კუთხით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 5 ავიაკომპანია 32 სიხშირით შეასრულებს, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას არამარტო გერმანიასთან, არამედ მთლიანად ევროპის ქვეყნებთან.
ამასთან, როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, ფრანკფურტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰაბია, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ავიამიმართულების მნიშვნელობას.
„ზოგადად, ფრანკფურტის საავიაციო ჰაბი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მგზავრებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ, მისი გავლით იმგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკფურტის მიმართულება ჩვენ დაგვეხმარება როგორც ტურისტული ნაკადების მოზიდვის, ასევე ბიზნეს კავშირების განვითარების თვალსაზრისითაც", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, 2025 წელს ევროპასა და საქართველოს შორის ჯამურად 2.36 მილიონი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2024 წელთან შედარებით 16%-იან ზრდას შეადგენს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, საქართველო კვლავ აქტიურად მუშაობს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის და, შესაბამისად, დაკავშირებადობის და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ - მარიამ ქვრივიშვილი
22.04.2026.18:02
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა ვანგ ვენთაომ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი ოქმი მიზნად ისახავს არსებული შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებას და თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან მის ადაპტაციას.
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, განახლებული შეთანხმება ქმნის უფრო თანამედროვე და მოქნილ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც არსებული თანამშრომლობის სფეროების დაზუსტებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ამასთან, ინვესტიციების და ელექტრონული კომერციის მიმართულებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის. ასევე ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი ფრინველის ხორცის და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (2018 წლის პირველი იანვრიდან), 2025 წელს ექსპორტმა შეადგინა 327,6 მლნ აშშ დოლარი, რაც 62%-ით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 148%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებლებს.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.