აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იყო თუ არა საუბარი სსფ-ს პროგრამაზე - დეტალები
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სამწუხაროდ იყო დაპაუზებული, მაგრამ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-სთან ურთიერთობებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც ცნობილია ნათია თურნავა აშშ-ში იმყოფებოდა და სსფ-ს მაღალჩინოსნებთან მართავდა შეხვედრებს. სწორედ იქ გადაწყდა, რომ სსფ-ს მორიგი მისია საქართველოს მაისის ბოლოს ესტუმრება.
ნათია თურნავას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა.
„სავალუტო ფონდი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია. ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა საქართველოში. რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ჩვენ ბიუჯეტისთვის მათგან ვისესხოთ და ბოლო პერიოდში ჩვენ ეს აუცილებლობა არ დაგვდგომია, მაგრამ მთლიანობაში ზოგადად სანდოობისთვის, ბიზნესის თვალში, ინვესტორების თვალში ყოველთვის კარგია, როდესაც სავალუტო ფონდი არის ძლიერად წარმოდგენილი ქვეყანაში. მე გავაკეთე ეს კომენტარი და აქაც განვმეორდები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სამწუხაროდ იყო დაპაუზებული, მაგრამ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა. წელს არის იგივე ე.წ მეოთხე მუხლის მისია ეს პროგრამა. ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. მაისის ბოლოს ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი. ტექნიკური დახმარების პროგრამები მათთან არ შეჩერებულა. მათ შორის, ეროვნული ბანკიც სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით. მათ შორის, კიბერუსაფრთხოებით დაწყებული და საბანკო ზედამხედველობის საკითხებით დამთავრებული. ანუ ეს მჭიდრო თანამშრომლობა სულ გრძელდება. პროგრამაზე ვისაუბრებთ, როდესაც მისია ჩამოვა. ასეთი რაღაცაც ითქვა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ გაგებით იყო ეს მოსმენილი, რომ ჩვენ ვიდრე ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეს დაპაუზებული ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა. რა ღია საკითხები იყო, რა შესრულდა შემდეგ. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა იყო დაპაუზებული ჩვენ მაინც ვაგრძელებდით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი ამ პროგრამის მიხედვით მუშაობას. რა შესრულდა, რა დარჩა ღია იმისთვის რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას. კი თავის დროზე იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის შეჩერების შესახებ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პრაქტიკულად საშუალო ვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ამ დაპაუზებულ პროგრამაში იყო მოყვანილი ჩვენი მხრიდან იყო შესრულებული. ანუ ამ კუთხით არანაირი სასაყვედურო ქართულ მხარეს არ ჰქონდა. მათ შორის, ჩვენ მხარეს ეს იყო წმინდა რეზერვები, ფინანსთა სამინისტროს მხარეს ეს იყო საბიუჯეტო დეფიციტი. ყველაფერი იყო ზედმიწევნით იყო შესრულებული. ნუ სხვა საკითხია, რომ მიუხედავად ამისა მაინც იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის დიაპაუზების შესახებ. რამდენად გამართლებული იყო მაშინ იმ დროს ეს გადაწყვეტილება ეს კიდე ცალკე საკითხია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სსფ და სებ არიან პარტნიორები და პარტნიორებს შორის არ შეიძლება, რომ თემა იყოს დახურული.
„ყველაფერზე ხდება საუბარი. მე პირადად ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მიზეზი მაშინ რაც იყო დასახელებული რომ ეროვნული ბანკის კანონში შევიდა ცვლილება პირიქით, სასიკეთო ცვლილება იყო იმიტომ რომ გამჭვირვალედ და საუკეთესო სტანდარტით კანონით დარეგულირდა თუ რა ხდება ისეთ დროს როდესაც ეროვნულ ბანკს არ ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომელსაც პირველი მოადგილე ცვლის და სწორედ ეგ სიტუაცია გვქონდა ჩვენ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე დიდხანს არ ჰყავდა პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალია ამის განმარტება მოხდა პარტნიორებთან. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამე გაკეთდა აქ გაუმჯობესების მიმართულებით. იგივე რა წუხილიც ჰქონდა სავალუტო ფონდს, რომ აღმასრულებელი წევრების რაოდენობა ჩვენს სამეთვალყურეო საბჭოში ჭარბობს არა აღმასრულებელს, ესეც გამოსწორდა. 9 წევრი, ყველა არის პარლამენტის მიერ დამტკიცებული და დანიშნული. არა აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 5 არის და 4 ვართ აღმასრულებლები, ანუ თვითონ ის პრინციპი რომლითაც უნდა იყოს ეს წარმოდგენილი და თანაფარდობა დაცული არის. ეს წუხილიც არის რაღაცნაირად გადაწყვეტილი და აღარ უნდა იყოს ჩვენს შორის საკითხი პრობლემური და ბევრი სხვა საკითხი იგივე ფინანსთა სამინისტროს მხარესაც, რაც იყო ღია საკითხები 2 წლის განმავლობაში იმუშავა უწყებამ ესეც ამოწურულია. ამიტომ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი“- აღნიშნა თურნავამ.
სხვა სიახლეები
ვინ არის პასუხისმგებელი უცხოური საიტებიდან გამოწერისას - ირაკლი ლექვინაძის განმარტება გადამზიდავების როლზე
16.03.2026.13:00
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვას 2022 წლიდან ახორციელებს, თუმცა ბოლო წლები მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე ონლაინ ვაჭრობის დინამიურ განვითარებას, რომელსაც ბუნებრივად ახლავს მომხმარებელთა პრეტენზიების მატება. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებების დაახლოებით 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ წყდება, აღნიშნული გარემოება კი უწყების მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს აქტიური ჩართულობის შედეგად, მომხმარებლები წლიურ ჭრილში, ჯამურად, ერთ მილიონ ლარამდე ფინანსურ სარგებელს იღებენ. ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს უწყების ეფექტიანობასა და მის როლს მოქალაქეთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში.
„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უკვე 2022 წლიდან აღასრულებს ამ ფუნქციას, რასაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჰქვია. ბოლო წელი გამორჩეულია იმით, რომ თითქმის გაორმაგებულია მაჩვენებელი მომხმარებელთა მომართვიანობის. ეს ერთის მხრივ უკავშირდება იმას, რომ ცნობიერება უფრო გაზრდილია და უფრო მეტმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. მეორე არის ის, რომ ზოგადად ვაჭრობის სფერო და ონლაინ ვაჭრობის სფერო საკმაოდ დინამიურად მზარდია და ზრდასთან ერთად ბუნებრივია იზრდება ის საკითხები რაც შეიძლება გარკვეულ პრობლემატიკას თუ მომხმარებლის პრეტენზიას უკავშირდებოდეს მოვაჭრის მიმართ. მე ვფიქრობ ასევე ჩვენი გადაწყვეტილებების უმრავლესობა, დაახლოებით 90% წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ და თვითონ მომხმარებელი ჰყვება შემდგომ თავის წრეში იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ჰქონდა ჩვენს უწყებასთან და ესეც ვფიქრობ რომ ერთგვარი ნდობის ზრდის შედეგიც არის, იმიტომ რომ ალტერნატივა თუ აქვს მოვაჭრესთან, ერთი ალტერნატივა არის რომ მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც აქვს შეზღუდული ვადა საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების, და მეორე ალტერნატივა არის სასამართლო, რომელიც ხარჯიანია და ასევე გრძელდება საკმაოდ ბევრად უფრო მეტხანს ვიდრე მაგალითად ჩვენთან საკითხის განხილვა.
ჩვენთან ყოველგვარი საზღაურის გარეშე, უდანახარჯოდ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს ნომერზე -1520 და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და განაცხადის წარმოდგენის შემდგომ უკვე ჩვენი თანამშრომლები ერთვებიან საკითხის მოგვარებაში. დაახლოებით წლიურად 1 მილიონ ლარამდეა ის თანხა, რომელსაც მომხმარებელი იბრუნებს ჩვენი ჩართულობის შედეგად. ხშირ შემთხვევაში ეს თანხები ერთეულ შემთხვევაში დიდი არ არის, შეიძლება იყოს 150 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი, ყოფილა 50 ლარიანი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად პრინციპის საკითხია უბრალოდ რომ მომხმარებელმა საკუთარი უფლება დაიცვას. თუმცა ზოგჯერ მასშტაბი ერთ მოვაჭრესთან მიმართებაში იმხელაა, რომ ის ბევრი 50 და ბევრი 150 ლარია, ამიტომ ჯამში ამ ციფრზე გავდივართ და დაახლოებით 65% მოდის ონლაინ ვაჭრობაზე, იმიტომ რომ ეს სფერო დინამიურად მზარდია და პლუს განსხვავებით ფიზიკური ვაჭრობისგან მომხმარებელს ეს პირადი შეხება ნივთთან არ აქვს და როცა იღებს ნივთს მერე აქვს იმ მახასიათებლებთან შედარების საშუალება რაზეც თავიდან ჰქონდა სურვილი რომ ის მიეღო როგორც სასურველი ნივთი. ძირითადად არის ტექნიკა და ტანსაცმელი, რაც ამ ონლაინ ვაჭრობის ნაწილშიც და ფიზიკური ვაჭრობის ნაწილშიც ხვდება. და ბოლო პერიოდში გაზრდილია მიწოდების სერვისები“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ირაკლი ლეკვინაძის განმარტებით, ონლაინ შეძენების პროცესში პრობლემები განსაკუთრებით მაშინ წარმოიქმნება, როცა ნივთი უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან იგზავნება. ასეთ შემთხვევაში მთავარ პასუხისმგებლობას პორტალი და მისი ქვეყნის კანონმდებლობა განაპირობებს, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში ადგილობრივი კომპანიის ჩარევა, ნივთის დაკარგვა, დაზიანება ან ხარვეზით მიწოდება ხშირად წარმოადგენს მომხმარებლის პრეტენზიების მთავარ მიზეზს. მისი თქმით, მიწოდების სერვისების დინამიური ზრდასთან ერთად ასეთი პრობლემატიკაც უფრო აქტუალური ხდება.
„თუ მაგალითად უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან ხდება ნივთის გამოწერა, უკვე ის გვერდია პასუხისმგებელი და იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ის გვერდია რეგისტრირებული, თუმცა ტრანსპორტირებისას თუ მას ადგილობრივი კომპანია ემსახურება - ეს ნაწილია უკვე ჩვენი ყურადღების საგანია, იმიტომ რომ ნივთი ზოგჯერ იკარგება, ზოგჯერ ზიანდება, ზოგჯერ გარკვეული ხარვეზით ჩამოდის, რომელიც გადამზიდავის პრობლემაა და ეს სფერო ასევე თავის დინამიურ ზრდასთან ერთად ეს პრობლემატიკაც მზარდია ბოლო პერიოდში“, - ამბობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.