აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება $52 მილიონით შემცირდა - მარიამ ქვრივიშვილი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები შუა დერეფნის მიმართულებით" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი, ხოლო უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავება ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ტვირთების მიმოცვლა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავებით განვაგრძობთ ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტვირთი და ხელი შეუწყოს ტვირთნაკადების გადაადგილებას ევროპისა და სხვა მიმართულებებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე
10.04.2026.15:31
„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.